კოენი: საჭიროა შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები

პუბლიკა

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ. 

„ჰელსინკის კომისიის” წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით”, – უთხრა „ამერიკის ხმას” ექსკლუზიურ ინტერვიუში აქტის სახელწოდების („ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“) ავტორმა და ინიციატივის თანაავტორმა, დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა:

„ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. [საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია“, – ამბობს კოენი „ამერიკის ხმასთან”.

ამერიკელმა კონგრესმენებმა უკვე მოამზადეს კანონპროექტი სახელწოდებით – „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“. კანონპროექტზე, რომელიც „ამერიკის ხმას“ კონგრესიდან მიაწოდეს, რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი – ამერიკის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე – ერთობლივად მუშაობდნენ და მას ოფიციალურად კონგრესს ჯო უილსონი წარუდგენს. არაღიარების აქტი გულისხმობს „ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის არაღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან“. კონგრესიდან რამდენიმე სხვადასხვა წყაროს ცნობით, ის ოფიციალურად ვაშინგტონის დროით, ხუთშაბათ დილით კონგრესს უნდა წარედგინოს.

აქტის დამტკიცების შემთხვევაში, „ივანიშვილის რეჟიმის აღიარება უნდა აიკრძალოს”. შეერთებული შტატების პოლიტიკა კი ის უნდა იყოს, რომ არც აღიაროს და არც ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ იმ მთავრობასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ იქნება მართული. ამის მიზეზად კი „ამერიკის ხმისთვის“ მიწოდებულ დოკუმენტში დასახელებულია „ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულები“.