კოენი: ამაღლობელი „ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა, ის ახლავე უნდა გაათავისუფლონ

პუბლიკა

დემოკრატი სტივ კოენი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 

კოენის თქმით, მზია ამაღლობელი „ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა და ის ახლავე უნდა გაათავისუფლონ.

„როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში, ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობელის საქმეს საქართველოს რესპუბლიკაში. მზია არის ჟურნალისტი, რომელიც „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა. ის ციხეში კარგად არ არის, მთავრობამ ახლავე უნდა გაათავისუფლოს იგი“, – წერს სტივ კოენი.


მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში გამართულ აქციაზე დააკავეს. ის უკვე 17 დღეა შიმშილობს და დაკავების დროიდან მხოლოდ წყალს იღებს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.