დემოკრატი კონგრესმენი ტენესის შტატიდან და ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე სტივ კოენი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, ქვეყნის აშშ-სთან ურთიერთობასა და კონგრესში ინიციირებულ ორ კანონპროექტზე – „მეგობარი“ აქტისა და „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ მნიშვნელობაზე საუბრობს.
ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი დასავლეთისგან შორს და რუსეთთან უფრო ახლოს მიჰყავს, სადაც კონგრესმენის თქმით, ივანიშვილის გული და ფულია.
„[Საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია.
მას ქართველი ხალხი დასავლეთისგან შორს მიჰყავს, სადაც ვფიქრობ, მას სურს, რომ იყოს. მიჰყავს რუსეთთან უფრო ახლოს, სადაც თავად მისი გული და მისი ფულია. ესაა მისი მიმართულება. ეს სამწუხარო სიტუაციაა. […]
მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი, არჩევნებს ვაკვირდებოდი. მოქალაქეები „ქართული ოცნების“ მიმართ ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილნი, რადგან ფიქრობდნენ, რომ ივანიშვილი იყო „ქართული ოცნება“ და ის მოუტანდა ქვეყანას რეფორმებს. მაშინდელ პრეზიდენტს ბრალდებოდა და ვფიქრობ, მართლაც ჰქონდა ციხეებში არაადამიანური პირობები და ის ქვეყანას არ მართავდა ისე, როგორც უნდა ემართა, მაგრამ ივანიშვილმა ყველა ეს ოცნება დაამსხვრია და ისინი კოშმარად აქცია“, – აცხადებს კოენი.
კონგრესმენი საუბრობს კონგრესში ინიციირებულ 2 კანონპროექტზე და განმარტავს, თუ რას ნიშნავს ისინი „ქართული ოცნებისთვის“.
„გვაქვს „მეგობარი აქტი“ – პირველი აქტი, რომელიც ავალდებულებს სანქციების გადახედვას ყველა ქართველი ოფიციალური პირის მიმართ – „ოცნების გუნდის“ მიმართ, რასაც მე „კოშმარულ გუნდს“ ვუწოდებ – ოცნებას, რომელიც კოშმარად იქცა. ყველა, ვინც კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაშია მხილებული, დასანქცირდება. ის ასევე ცდილობს, დასახოს გზები, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ჩვენთან [ურთიერთობას] დაუბრუნდეს, იქნება ეს სავაჭრო პოლიტიკა თუ სხვა.
მაგრამ ახლა ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება. და აი, აქამდე მოვედით.
გვაქვს კიდევ ერთი აქტი – რომელიც ქართული რეჟიმის არაღიარებას გულისხმობს. იმ ფაქტის გამო, რომ არჩევნები არ იყო სათანადო და სამართლიანი, ეს მეორე აქტი ამერიკას უკრძალავს ივანიშვილის რეჟიმის აღიარებას და სალომე ზურაბიშვილს აღიარებს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ეს საშინელი ვითარებაა“, – ამბობს კოენი.
შეკითხვაზე, თუ რატომ მიიჩნიეს აუცილებლად „არაღიარების აქტის“ კონგრესში ცალკე წარდგენა, კოენი პასუხობს:
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება ურთიერთობა არალეგიტიმურ მთავრობასთან, სანამ არ დამტკიცდება, რომ საქართველოში გაიმართება თავისუფალი და სამართლიანი, ახალი არჩევნები. ეს უბრალოდ საბაზისო სტანდარტია, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ, რომ იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რათა წავახალისოთ დემოკრატია მთელ მსოფლიოში. და ახლა საქართველო არაა ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც ამას აკეთებს“, – აცხადებს ის.
დემოკრატმა კონგრესმენმა ასევე ისაუბრა სანქციებზეც, იმაზე, თუ რას ნიშნავს ან რა გზავნილია უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და თქვა, რომ სანქციების საკითხი განიხილება სხვა ოფიციალური პირების მიმართაც, ვინც ჩართულია დემოკრატიის საზიანო მოქმედებებში.
კოენი აღნიშნავს, რომ ახლა „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი დგანან იქ, „რასაც ჩვენ ახალ „ბოროტების ღერძს“ ვუწოდებთ“.
„ისინი დგანან იქ, რასაც ჩვენ ახალ „ბოროტების ღერძს“ ვუწოდებთ, ესენია ჩრდილო კორეა, ჩინეთი, რუსეთი და ირანი. ადმინისტრაციას დიდი გავლენა აქვს კანონმდებლებზე, მაგრამ ვნახოთ, რას იზამენ ისინი.
ეს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ის საკითხი იქნება, როცა უნდა გავიგოთ, დადგებიან თუ არა ისინი ძველი რესპუბლიკური ღირებულებების მხარეს – მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების წასახალისებლად?
პრეზიდენტმა კენედიმ ინაუგურაციისას თქვა, რომ მზად იყო, ნებისმიერი საფასური გადაეხადა და ნებისმიერი ტვირთი გაეღო იმისთვის, რომ მსოფლიოში თავისუფლება დაეცვა. ეს დემოკრატი პრეზიდენტი იყო, ძველ დროს კი იყვნენ ეიზენჰაუერი და სხვები, რომლებსაც სურდათ დემოკრატიის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი დონალდ ტრამპის ამ ახალი ვადისას“, – განაცხადა კოენმა.
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა. მისი წარმდგენი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, თანაწარმდგენი კი – დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი.
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“, რომლის ტექსტიც „ამერიკის ხმამ“ მოიპოვა, კრძალავს „ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან“. მასზე რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი – ამერიკის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე – ერთობლივად მუშაობდნენ და ის ოფიციალურად კონგრესს ჯო უილსონმა კოენის თანაავტორობით, თანასპონსორობით წარუდგინა.
აქტის დამტკიცების შემთხვევაში, „ივანიშვილის რეჟიმის აღიარება უნდა აიკრძალოს“. შეერთებული შტატების პოლიტიკა კი ის უნდა იყოს, რომ არც აღიაროს და არც ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ იქნება მართული. ამის მიზეზად აქტში დასახელებულია „ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულები“.
119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა MEGOBARI აქტიც.
აქტი „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მოითხოვს.
გათვალისწინებულია იმ პირების დასანქცირება, რომლებიც ჩართული იყვნენ კორუფციაში ან საქართველოს მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრაში.
ინიციატივა ასევე მოითხოვს სრული ანგარიშის წარდგენას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივებისა და რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ.
უფრო კონკრეტულად, აქტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ბოლო წლებში მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა ჰქონდა, რასაც მოწმობს დამოუკიდებელი შეფასებები და მიღებული ზომები.