კოლომინა: არის შეშფოთება საქართველოს მთავრობის ბოლო თვეების გადაწყვეტილებების გამო 

პუბლიკა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ „ფორმულასთან” თქვა, რომ არსებობს შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო თვეებში მიღებული გადაწყვეტილებების გამო და რომ ამაზე მათ მმართველ გუნდს შეატყობინეს.

კოლომინამ ტელეარხს უთხრა, რომ ვაშინგტონში, NATO-ს 75-ე ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა და დაუდასტურა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.

ამავდროულად, მოუწოდა მთავრობას, დაჩქარდეს რეფორმები და შეცვალოს კურსი უცხოური აგენტის გავლენის შესახებ კანონთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ განაგრძოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგულების დემონსტრირება. არის შეშფოთება იმ გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ბოლო თვეების განმავლობაში მიიღო და ჩვენ ამის შესახებ საჯაროდ ვუთხარით საქართველოს ხელისუფლებას. მე რამდენიმე ტვიტით გამოვეხმაურე კიდეც უცხოური გავლენის შესახებ კანონის დამტკიცებას. ეს კანონი და პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც საქართველოშია, არ არის კარგი.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველომ უნდა დააჩქაროს რეფორმები, ბევრი სამუშაო უნდა გასწიოთ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ, გამჭვირვალე, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში. მივიღე ამის შესახებ დაპირება თქვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან”, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ, „ფორმულას” ცნობით.