რიჰარდს კოლსი ოდიშარიაზე: ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის გასაუქმებლად საკმარისზე მეტი მიზეზია

პუბლიკა

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ბექა ოდიშარიას, რომელმაც პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა, ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი ჩამოართვას.

„საქართველო კვლავ კრემლისკენ იხრება – ამის შესახებ პოსტის ბოლოს.

ამაზე მხოლოდ ციტატის ავტორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბექა ოდიშარია არ არის პასუხისმგებელი. ის პასუხისმგებელია თავის სიტყვებზე, რომლებიც ტრიბუნიდან მისი კოლეგების, პარლამენტის ქალი წევრების მიმართ გამოიყენა. ტექსტი ცალსახად ამაზრზენი, საზიზღარია.

ოდიშარია საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულია – პირი, რომელსაც ლატვია ანდობს თავის წარმომადგენლობას

ასე გაგრძელება უპატივცემულობას ნიშნავს.  ეს საკმარისზე მეტი მიზეზია იმისთვის, რომ მას საპატიო კონსულის სტატუსი ჩამოერთვას.

საქართველო კვლავ უფრო და უფრო უახლოვდება კრემლს და უფრო შორდება ქართველი ხალხის მიერ არაერთხელ გამოთქმულ პოზიციას, რომ მათი მომავალი ევრო-ატლანტიკურ სივრცეშია. გაცოცხლებული ზომბი – „უცხოური აგენტები” კანონი, რომელიც რუსეთის მოდელზე შეიქმნა და აბსოლუტურად უარყოფილია. თქვენ არგუმენტები გელევათ”, – წერს კოლსი.


„ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ გუშინ პარლამენტში ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მათ შეაგინა და მათი მისამართით მიზოგინიური განცხადებები გააკეთა.

„ეს არის მოუტ***ლი ქალების სინდრომი. კაცი მაინც იყო, რომ გითხრა, მტყუანის დედა ვატირე”, – თქვა მან ქალი დეპუტატების სიტყვით გამოსვლის დროს.

დღეს მან კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ქალ დეპუტატებს, მათ შორის, სალომე სამადაშვილს.