კომენდანტის საათის გადაწევას ამ ეტაპზე ჩვენი ცენტრი რეკომენდაციას ვერ გაუწევს - გამყრელიძე

პუბლიკა

„კომენდანტის საათის გადაწევას ამ ეტაპზე ჩვენი ცენტრი რეკომენდაციას ვერ გაუწევს, ვინაიდან ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არ არის სტაბილური და გაუარესების ტენდენცია აქვს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

„კომენდანტის საათი გახლავთ ერთ-ერთი და ზოგადად მობილობის შემცირება არის ერთ-ერთი იარაღი ინფექციის გავრცელების შენელებისა და, შესაბამისად, შეზღუდვის. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ, თუკი როგორც მარტის შუა რიცხვებში გვქონდა სიტუაცია, ამას ასე დავიჭერდით, მაშინ  განიხილებოდა კომენდანტის საათის გადაწევა, მაგრამ ამ ეტაპზე არა. იცით, ალბათ, რამდენიმე ევროპული ქვეყნის განცხადებები, სადაც პირიქით დააწესეს კომენდანტის საათი საღამოს 6 საათიდან, ამიტომ ამ ეტაპზე ეს არ განიხილება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება წერტილოვან შეზღუდვებს, მისი განმარტებით, იქ, სადაც ვირუსის გავრცელების კლასტერები ფიქსირდება, შეიძლება განოხილონ წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება. გამყრელიძეს არ დაუკონკრეტებია ის ადგილები, სადაც  შეიძლება წერტილოვანი შეზღუდვა დაწესდეს.