„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ კომენტარს არ მისცემენ მედიებს, რომელთა ხელმძღვანელები „ამორალურ კამპანიასა და ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერის მცდელობაში არიან ჩართულნი“.
სავარაუდოა, რომ პაპუაშვილი გულისხმობს „მთავარ არხს“, „ტელეკომპანია პირველს“, „ფორმულას“ და „კავკასიას“.
„კომენტარს არ გაძლევთ მანამ, სანამ ამ ტელევიზიების ხელმძღვანელები და სახეები დაკავებულნი არიან ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერით და ამ გზით შემოდიან პოლიტიკურ მოღვაწეობაში“, – აცხადებს პაპუაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ეს მთელი გუნდის გადაწყვეტილებაა.
„გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე!“ – აღნიშნული მოთხოვნით, ოთხმა ტელეკომპანიამ – „TV პირველი“, „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „კავკასია“ – მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა.
გუშინ ტელეკომპანიების ეკრანებზე მხოლოდ შავი ფონი იყო გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით ეწერა იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებსაც 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები დაესხნენ თავს.
5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რის შედეგადაც დაშავდა 53 მათგანი. რამდენიმეს დასჭირდა ოპერაციული ჩარევა.
მათ შორის იყო „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.