კომისარი ო’ფლაერტი: საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით ხარვეზების აღმოსაფხვრელად ზომები უნდა იქნას მიღებული

პუბლიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის საქართველოში ვიზიტის შემდეგ მისი შეფასება გამოქვეყნდა. ის საქართველოში 21-23 იანვარს იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში კომისარი შეხვდა როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას.

კომისრის მოწოდებაა, რომ ადამიანის უფლებების კუთხით ხარვეზების აღმოსაფხვრელად ზომები იქნას მიღებული.

განცხადების მიხედვით, ო’ფლაერტი გამოთქვამს შეშფოთებას 2024 წლის აპრილში და 28 ნოემბრის შემდეგ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებისა და დაუდგენელი ნიღბიანი პირების მიერ დემონსტრანტების უკანონო დაკავებებისა და ძალის გადამეტებული გამოყენების ბრალდებებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობის გამო.

„კომისარმა ო’ფლაჰერთიმ შეშფოთება გამოხატა 2024 წლის აპრილსა და 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე საჯარო დემონსტრაციების ფარგლებში უკანონო დაკავებისა და სამართალდამცავებისა თუ შენიღბული ინდივიდების (ტიტუშკების) მხრიდან ძალის გადამეტებულად გამოყენების ბრალდებების გამოუძიებლობის გამო. ამ კუთხით ის ამჩნევს, რომ სისხლის სამართლის წესით მომიტინგეთა გასამართლება გახშირდა, თუმცა მიუხედავად [დემონსტრანტების მიმართ] სასტიკად მოპყრობის შესახებ გავრცელებული ცნობებისა, არცერთი სამართალდამცავის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა, მათ შორის, 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციების ფარგლებშიც.

ამასთან, კომისარი ყურადღებას ამახვილებს მის ადრინდელ რეკომენდაციაზე, რომლის მიხედვითაც ყოველი სამართალდამცავი უნდა ატარებდეს შესაფერის იდენტიფიკაციას, რათა სამართალდამრღვევი პირების დაკავების პროცედურა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისობაში იყოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომისარი ეხმაურება „შეკრებისა და მანიფესტაციების“ შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებსაც და შეშფოთებას გამოთქვამს ცვლილებების გამო.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას ადმინისტრაციულმა და საკანონმდებლო ზომებმა ძირი არ გამოუთხარონ”, – აცხადებს კომისარი.

მისივე თქმით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები ასუსტებს საჯარო მოხელეების დაცვას სამსახურიდან გათავისუფლებისგან.

„ვწუხვარ, რომ ეს ადამიანის უფლებებისადმი მგრძნობიარე კანონები მიღებულ იქნა ნაჩქარევად, კონსულტაციების გარეშე“, – აღნიშნავს ო’ფლაერტი.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, „ოცნების“ მთავრობასთან შეხვედრაზე კომისარმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზეც გაამახვილა ყურადღება. მან თბილისში ყოფნის დროს მოშიმშილე ჟურნალისტი მოინახულა.

„იმის განსჯის გარეშე თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული სამომავლოდ მის ბრალდებასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ მისი წინასწარი პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია და ძალიან შეშფოთებული ვარ მისი მდგომარეობით“, – თქვა კომისარმა.

მაიკლ ო’ფლაერტი გამოხატავს შეშფოთებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის „სივრცის შეზღუდვის“ გამოც და ის აღნიშნავს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ [რუსული] კანონი „არ უნდა მიღებულიყო ამგვარი ფორმით“.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ჯერ არავინ დაუჯარიმებია რეესტრში რეგისტრაციის არ გავლის გამო, ავტომატური, დაუდასტურებელი და უტყუარი პრეზუმფციის არსებობა წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების არასაჭირო და არაპროპორციულ შეზღუდვას“, – თქვა კომისარმა.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისარი ო’ფლაერტი შეშფოთებას გამოთქვამს „ოცნების“ მიერ მიღებულ ჰომოფობიურ, ცენზურის დამწესებელ კანონთან („ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“) დაკავშირებით.

მას მიაჩნია, რომ კანონი შეუთავსებელია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან და ის არის დისკრიმინაციული.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონის იმპლემენტაცია ჯერ არ დაწყებულა, მისი გავლენა უკვე იგრძნობა, რაც გამოიხატება ლგბტი ადამიანებისთვის ჯანდაცვისა და სხვა ძირითადი სერვისების უფრო შეზღუდულ ხელმისაწვდომობით, სიძულვილის  მსხვერპლად გახდომის გაზრდილი შიშითა და სტიგმის გამწვავებით, რომელსაც ლგბტი ადამიანები უპირისპირდებიან“, – განაცხადა კომისარმა ო’ფლაერტიმ.

„კომისრის დაკვირვებით, ამ საკანონმდებლო ზომების კომბინაცია, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის [კონკრეტული პირებისთვის] პასუხისმგებლობის დაკისრება და სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ძლიერი აზრი, რომ საქართველოს სასამართლოებში სამართლის მიღება შეუძლებელია, ეფექტურად უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, მიმართოს ნებისმიერ რეფორმას კანონთა ერთიანობაზე კუმულაციური გავლენის ფრთხილი გააზრების შემდეგ და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც დასკვნის ბოლო ნაწილშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი შეხვდა „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს ბექა ძამაშვილსა და ნიკო თათულაშვილს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს, გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს გიორგი ბადაშვილს და საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს.

ო’ფლაერტი აღნიშნავს, რომ „მოუთმენლად ელის“ საქართველოს ხელისუფლებასთან ღია დიალოგს.