კომისია ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეზღუდვის წინადადებას მოამზადებს - იოზვიაკი

პუბლიკა

რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკომისია ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების წინადადებას მოამზადებს

„საქართველოს შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვა დასრულებულია. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი ბლოკავენ სანქციებს. თუმცა ევროკომისია მოამზადებს წინადადებას საქართველოს დიპლომატებისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესახებ, სავარაუდოდ, ამ კვირაში. ამისთვის არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა”, – აცხადებს „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი.

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა – შეხვედრის მთავარი საკითხი იყო სირია, უკრაინა და საქართველო. შეხვედრის დაწყებამდე მინისტრებმა გააკეთეს კომენტარები მედიასთან და შეშფოთება გამოხატეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ, გააკრიტიკეს აქციების ძალადობრივად დარბევები და დაკავებები. EU-ის მინისტრებმა ისაუბრეს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების მიღმა საქართველოს შესახებ განხილვა უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს, რადგან რაც ქვეყანაში ხდება „არადემოკრატიულია”.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ აღნიშნა ისიც, რომ ისინი ასევე განიხილავენ შემდგომ ზომებს, რომელთა დაწესების შესაძლებლობაც იმ შემთხვევაში განიხილება მომავალში, თუ მთავრობა არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს.