კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 111 903 ლარით დააჯარიმა – ინფორმაციას თავად „მთავარი არხი“ აქვეყნებს.
არხის ინფორმაციით, სანქცირება კომისიამ „სირცხვილიას“ მიერ მომზადებული ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო გადაწყვიტა. აღნიშნულ რგოლში, „ქართული ოცნების“ წევრების ფოტოკოლაჟით პუტინის გამოსახულება იქმნება.
გარდა ამისა, ტელეკომპანიის ინფორმაციით, მარეგულირებელმა „მთავარ არხს“ სანქცია დააკისრა ვიდეორგოლების გამო, სახელწოდებით – „კლავს“.
მარეგულირებლის დღის წესრიგის მიხედვით, კომისიას შპს „მთავარი არხის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტი) 15:00 საათზე უნდა ემსჯელა.
„მაუწყებლობის შესახებ“ 63-ე მუხლი რეკლამას, ტელეშოპინგსა და სპონსორობას ეხება. მუხლის მე-2 პუნქტში კი აღნიშნულია, რომ „იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება“.
კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური ცნობა დღეს გამოქვეყნდება.
„მთავარი არხის“ იურისტი თამთა მურადაშვილი აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისიას ამ ოდენობის ჯარიმა აქამდე არცერთი მაუწყებლისთვის არ დაუკისრებია. იურისტი კომისიის გადაწყვეტილებას „ცენზურად“ აფასებს.