კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა ადგენს, რომ შაქარაშვილი მოკლულია და დაზიანებები ფიზიკური ძალადობის შედეგად მიიღო - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე უწყებამ კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისა და მკვლელობამდე მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

უწყების ინფორმაციით, კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიდან ჩანს, რომ შაქარაშვილს დაზიანებები ჯებირთან შეჯახებისას არ მიუღია და ეს მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მიყენებული ფიზიკური ძალადობის კვალია.

„კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც მათი ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი-ბლაგვი საგნებით. აღნიშნული კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს“, – აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურის განცხადებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა სხეულზე არსებული დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდგომ მიიღო.

„კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე უტყუარად დგინდება, რომ მკვლელობის მომენტიდან გიორგი შაქარაშვილის გვამი 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა წყალში, რაც ცალსახად თანხვედრაშია გამოძიებით დადგენილ გარემოებებსა და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დროსთან, ასევე გამორიცხავს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არსებულ ყოველგვარ სპეკულაციებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ“, – აცხადებს პროკურატურა.