კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს და პირველი მოსმენით კანონპროექტთა პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შინაურ ცხოველთა შესახებ კანონპროექტი წარადგინა.
მაია ბითაძის თქმით, ნასამართლევ პირებს, ასევე ადამიანებს, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, შესაძლოა, პოტენციურად მომეტებული საფრთხის ჯიშის ძაღლის ყოლა შეეზღუდოს.
სიტყვით გამოსვლის დროს ბითაძემ თქვა, რომ პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშისაა ძაღლი, რომელიც ფიზიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ნაკლები წვრთნის შედეგად, კრიტიკულ მომენტში შესაძლებელია საფრთხის შემცველი იყოს.
მან, ასევე ევთანაზიზე ილაპარაკა და თქვა, რომ ცოფთან დაკავშირებით ევთანაზია ისე მოხდება, როგორც აქამდე.
მისივე თქმით, ევთანაზიის საფუძველი შეიძლება იყოს კინოლოგის და ვეტერინარის ერთობლივი დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ ძაღლი არც დამამშვიდებლით და არც ქცევის კორექციით არ ექვემდებარება დამშვიდებას.