საქართველოს პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის საკომიტეტო განხილვას იწყებს.
დღეს, 27 იანვარს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვაა ჩანიშნული. ხვალ კი, ამავე კომიტეტის სხდომაზე 49 ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადების განხილვა იგეგმება.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, პლენარულ სხდომაზე საკითხი კენჭის საყრელად 2 თებერვალს გავა.
მმართველი გუნდი ოპოზიციონერ დეპუტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შევიდნენ პარლამენტში და მონაწილეობა მიიღონ საკანონმდებლო საქმიანობაში.
გუშინ, 26 იანვარს, ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და მოუწოდეს „ქართულ ოცნებას“, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას:
„ჩვენ დღესაც მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ – დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და შესაბამისად, ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული. ასევე ვაცხადებთ, რომ მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, – ნათქვამია განცხადებაში.