დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა.
საკომიტეტო მოსმენის მოთხოვნა მოქალაქეების ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა წამოაყენეს.
სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ და მოხსენებით გამოვიდნენ – „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.
მათ კითხვები დაუსვეს დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა, ასევე პარტიის – „ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ და სხვა დამსწრეებმა.
პოლიტიკოსებს და სხვა დაინტერესებულ პირებს კითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იღებენ სესხს პენსიონერები ასეთ მაღალ პროცენტში და რა შესაძლებლობები არსებობს ამ მოცემულობის გამოსასწორებლად.
სხდომის ბოლოს კომიტეტის თავმჯდომარემ ჩამოაყალიბა ის რეკომენდაციები, რომლებიც სხვადასხვა მხარეს მიეცა:
„მინდა ვთხოვო ფინანსთა სამინისტროს, ასევე ეროვნულ ბანკს და სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომ ერთობლივად იმუშავონ იმ მექანიზმებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას.
ასევე ეროვნულ ბანკს მინდა ვთხოვო, რომ კანონის შესაბამისად მისთვის მინიჭებული საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში სისტემატიურად განახორციელოს მონიტორინგი საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, მომხმარებელთა უფლებების დასაცავად.
ასევე რეკომენდაციას ვაძლევთ მომსახურების სააგენტოს, ახალი ხელშეკრულების დადების დროს გაითვალისწინოს პენსიონერებზე სესხის გაცემისას მაღალი საპროცენტო განაკვეთთან არსებული საკითხები”.
– განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.