კომიტეტის სხდომა, სადაც მოსამართლეების საკითხს განიხილავენ, ოპოზიციის ნაწილმა დატოვა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე მსჯელობენ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

დარბაზიდან გავიდნენ: ანა ნაცვლიშვილი, შალვა შავგულიძე, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, თაკო ჩარკვიანი.

„ჩვენ დავტოვებთ სამუშაო პროცესს, თქვენ დარჩით. თქვენ დაინახეთ, რომ ყველა ოპოზიცია არის ერთ მხარეს, თქვენ ხართ მარტო“, – განაცხადა დარბაზისას გასვლისას ანა ნაცვლიშვილმა.

კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერებმა საერთო განცხადებაც გააკეთეს.

„ჩვენ ფარს პროცესში შესვლას არ ვგეგმავთ. მოვითხოვთ, შეიქმნას რეფორმის სამუშაო ჯგუფი ზუსტად ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული შარლ მიშელის დოკუმეტში და მანამდე დანიშვნების პროცესი შეჩერდეს. დღეს ხელისუფლება დარჩა მარტო საკუთარ თავთან. ყველამ – ხელმომწერმა, არახელმომწერმა, განსხვავების მიუხდევადა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ფრაქციამ გააგონა ხელისუფლებას კომიტეტზე თავისი ხმა, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ამაზე ორაზროვანი შეხედულება წარმოუდგენელია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

იურიდიულ კომიტეტზე საორგანიზაციო საკითხების განხილვის დროს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სასამართლო რეფორმის მიღებამდე უნდა შეჩერდეს, რაც მიშელის დოკუმენტითაა გათვალისწინებული. ამ მოსაზრებას იზიარებდა კომიტეტზე მყოფი ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი.


რა წერია სასამართლო სისტემის რეფორმაზე შარლ მიშელის დოკუმენტში

ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით:

  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:
    ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით;
    ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;
    გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს;
    დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.
  • ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიც გაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული.

  • რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს; ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გაჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:

1. პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.

2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.

3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

  • პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განხორციელების პროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები და დახმარება, განსაკუთრებით დასანიშნი მოსამართლეების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

ვადები:

1. ამ შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ დისკუსია იწყება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე.

2. პროექტი შედგენილია და 1 ივლისამდე იგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად.

3. პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება.

4. პარლამენტი სწრაფად დაამტკიცებს რეფორმებს, არა უგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა.