კომიტეტის სხდომაზე, სადაც კინემატოგრაფისტებმა საპროტესტო პერფორმანსი გამართეს, მედია არ დაუშვეს. შესაბამისად, მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, გადაეღოთ პროტესტის ამსახველი მასალა.
კომიტეტის ოთახში არ შეუშვეს „პუბლიკის“ აკრედიტებული ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი. რაც შეეხება ტელევიზიას, „პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, სხდომაზე კადრების გადასაღებად საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორიც აპირებდა შესვლას, თუმცა ის ნებართვის გაცემის საფუძვლით შეაფერხეს. ნებართვის მიღებამდე კი პროცესი დასრულდა.
საუბარია ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
კომიტეტზე მოხსენებით გამოდიოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი. სხდომა პარლამენტის ვებგვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხსენების შინაარსი კონფიდენციალური არ იყო.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის სხდომა საჯაროა და გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. „განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტის სხდომა ან მისი ნაწილი შეიძლება დაიხუროს.“
არსებული პრაქტიკით, იმის მიუხედავად, რომ სხდომა პარლამენტის ვებგვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა, მედიისთვის საჭირო კადრების გადასაღებად ოპერატორებს კომიტეტის სხდომაზე უშვებენ.
როგორც „პუბლიკას“ საპარლამენტო ჟურნალისტები განუმარტავენ, ბოლო პერიოდში დაინერგა პრაქტიკა, რომ სხდომებს, ერთმანეთთან შეთანხმების საფუძველზე, ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე, ერთი ან ორი მედიასაშუალება, ან პარლამენტის კამერა იღებს და მასალას დანარჩენ მედიას უზიარებს. მათივე თქმით, დღევანდელ სხდომას არც რომელიმე მედიასაშუალება და არც პარლამენტის კამერა არ იღებდა. რატომ არ მიეცათ მათ სხდომაზე შესვლის შესაძლებლობა – ამაზე პასუხი ვერ მიიღეს.
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან „პუბლიკას“ განუმარტეს, რომ „მედიისთვის ლაივსტრიმით კომიტეტის მიმდინარეობა იყო ონლაინრეჟიმში ხელმისაწვდომი და კონკრეტული ნორმებიდან გამომდინარე, არის, ხოლმე, შემთხვევები, როდესაც არ დაიშვებიან გადამღები ჯგუფები კომიტეტზე, მით უმეტეს, მაშინ როცა ლაივსტრიმი არის უზრუნველყოფილი“.
რა იგულისხმება „კონკრეტულ ნორმებში“ ამაზე „პუბლიკამ“ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.
კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ლაივსტრიმით მართლაც გადაიცემოდა, მაგრამ სწორედ იმ დროს, როდესაც კინემატოგრაფისტები ფეხზე წამოდგნენ საპროტესტო პერფორმანსისთვის, სხდომის თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა და მათ დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური შესვენების დროს ლაივსტრიმი ითიშება და მაყურებელს არ აქვს შესაძლებლობა, ნახოს, რა ხდება ამ დროს დარბაზში. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. მსგავსი შემთხვევების დროს ინფორმაციას იქ მყოფი მედია ავრცელებს, თუმცა დღეს, ვინაიდან მედია კომიტეტის დარბაზში არ იყო, ფოტო- და ვიდეომასალა ჟურნალისტებს პროტესტის მონაწილეებმა გაუზიარეს.