საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზნით შექმნილი ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტიის, „ალტ-ინფოს“ წევრების საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში არ გაატარა.
კომიტეტში წარდგენილი იყო განაცხადი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო, კონსტანტინე მორგოშია) რეგისტრაციის თაობაზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ განაცხადის წარდგენისას დარღვეულია კანონის მოთხოვნები. კერძოდ, კანონის შესაბამისად, თითოეულ საკანონმდებლო ცვლილებას თავისი განმარტებითი ბარათი უნდა ახლდეს, საინიციატივო ჯგუფს კი პაკეტის სახით წარმოდგენილ სამ კანონპროექტზე ერთი განმართებითი ბარათი აქვს თან დართული. კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში მხოლოდ პროცედურული ხარვეზის გამო არ გაატარა.
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შინაარსი ჰომოფობიურია და ითვალისწინებს LGBTQ თემის წევრებისთვის შეკრების და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.
კერძოდ, კანონპროექტები ითვალისწინებს ცვლილებებს სამ კანონში, რომლის გათვალისწინებით უნდა აიკრძალოს ისეთი შეკრება და მანიფესტაციები, „სადაც ადგილი აქვს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციასა და პროპაგანდას”.
პროექტი ასევე რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო აქციების გამართვის აკრძალვასაც ითვალისწინებს. ასევე, პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ისეთი შეკრების ჩატარების აკრძალვა, რომელზეც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ომის და ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ პროცედურული დარღვევა აღმოიფხვრება, ამიტომ უმჯობესია, რომ პარლამენტმა კანონპროექტის შინაარსზე და მის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე უნდა იმსჯელოს.
თამარ კორძაიას განცხადებით კი, კანონპროექტი არაფრად აგდებს საქართველოს კონსტიტუციას და მისწრაფებას, საქართველო იყოს მეტად დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფო.
„არ შეიძლება საქართველოს პარლამენტში მშვიდად ვუყურებდეთ, როდესაც იმაზე პედალირება ხდება, რომ ამ ქვეყანაში უთანასწორობა დამკვიდრდეს“, – განაცხადა კორძაიამ.