იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც ანტიკორუფციული საქმიანობის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია:
- შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.
- ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.
- ამ მიზნით აღნიშნული ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
- ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
პრემიერი წარდგენილ კანდიდატებს შორის შეარჩევს და დანიშნავს ბიუროს ხელმძღვანელს.
ოპოზიციის წარმომადგენლებს კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.
„ლელოს“ წარმომადგენელმა, ლანა გალდავამ განაცხადა, რომ კანონპროექტი ვერ დააზღვევს საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ კორუფციულ დანაშაულს, პოლიტიკური საქმიანობის მონიტორინგს და ა.შ. მისი თქმით, აუცილებელია დამოუკიდებელი უწყების შექმნა ნაცვლად საჯარო სამართლის იურიდიული პირისა. ლანა გალდავა ამბობს, რომ ბიურო უნდა იყოს პარლამენტს დაქვემდებარებული და ძალაუფლების კონცენტრაციისგან თავისუფალი.
„ლელომ“ მათ მიერ შედგენილი ალტერნატიული კანონპროექტის განხილვაც მოითხოვა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი, სანდრო ქევხიშვილი დაინტერესდა, რეფორმა როგორ გადაჭრის მაღალი დონის კორუფციის მოთხოვნებს საგამოძიებო ფუნქციის გარეშე.
ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ ბიურო იზრუნებს ნებისმიერი სახის კორუფციის მოგვარებაზე, ის იქნება მაკოორდინებელი რგოლი ნებისმიერი ტიპის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობისთვის.
მისივე თქმით, ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშეც და შესაძლებელი იქნება მის საქმიანობაზე მსჯელობაც.
საკითხის განხილვა მეორე და მესამე მოსმენის ფარგლებში კომიტეტზე გაგრძელდება და საბოლოო დასამტკიცებლად პლენარულ სხდომას წარედგინება.