იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 10 ხმით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილს გაუწია რეკომენდაცია. ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ მეორე კანდიდატურას, გიორგი სანტურიანს, მხოლოდ კომიტეტის 4-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
პრესსამსახურის ცნობითვე, კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე 10-10 ხმით გია ცაცაშვილისა და მაია ზარიძის კანდიდატურებს გაუწია რეკომენდაცია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე გია ცაცაშვილთან ერთად წარდგენილი იყო ლელა ტალიურის კანდიდატურა, რომელსაც მხარი დაუჭირა კომიტეტის 3-მა წევრმა, ხოლო მაია ზარიძესთან ერთად წარდგენილ თამარ სართანიას მხარი დაუჭირა კომიტეტის 3-მა წევრმა. წინააღმდეგი იყო ერთი წევრი.