კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი „გრანტების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს

პუბლიკა

„ოცნების“ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „გრანტების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს.

პაკეტი აერთიანებს სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომლითაც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება და ბიზნესსუბიექტების პოლიტიკური აქტივობა რეგულირდება.

საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე მიმდინარე სხდომაზე განიხილავენ და საბოლოოდ უყრიან კენჭს.

გრანტების კანონში ცვლილება

საკანონმდებლო პაკეტით ფართოვდება გრანტის განმარტება და გრანტების შესახებ კანონის დარღვევა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

პარტიების კანონში ცვლილება

ტერმინი „გაცხადებული საარჩევნო მიზანი“ იცვლება ტერმინით – „გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი“.

პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო შემოსავალი.

სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები

მეორე მოსმენის დროს ცნობილი გახდა, რომ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.

დამამძიმებელი გარემოება ხდება კონსტიტიცური წყობილების ან კონსტიტიციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა;

კოდექსს ემატება 316-ე პრიმა მუხლი – ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტიცური წყობილების წინააღმდეგ.

ამ მუხლის მიხედვით, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ითვალისწინებს –

სისტემატურად საჯარო მოწოდება

  • საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ;
  • საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ;
  • საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ;

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად წარმოჩენა;

ან ამავე პირის მიერ სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება მიმართულია:

  • საქართველოს კონსტიტუციის,
  • კონსტიტუციური წყობილების,
  • კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.

ცვლილება შედის ადმინისტრაციულ კოდექსშიც – ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება სამართალდარღვევის ჩადენა საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივი.

პოლიტიკური აქტივობისთვის ბიზნესსუბიექტი მეორე ჯერზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაისჯება. ეს შეეხება „დარღვევაზე პასუხისმგებელ ფიზიკურ პირსაც“.

იურიდიული პირი, თუ არის ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული პოლიტიკური აქტივობისთვის [დაჯარიმებულია 20 000 ლარით], მეორედ ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ამ იურიდიულ პირს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამის ფიზიკურ პირს.

პასუხისმგებლობა განსაზღვრული იქნება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. ხოლო არაერთგზისის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთ 4 წლამდე, ჯარიმა ან სასარგებლო შრომა.