ჯანდაცვის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. კენჭისყრაზე საკითხი შენიშვნების გათვალისწინების დათქმით დადგა.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლადო კახიძის თქმით, ბიუროს ან პლენარული სხდომის დაწყებამდე, სააკორდინაციო საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად, დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნული ნორმების მოქმედების კონკრეტულ ვადას დაასახელებს.
„გუშინდელი სასესიო განხილვის შემდეგ შედგა კომუნიკაცია სახალხო დამცველთან, მისი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი არის გათვალისწინებული, ჩაშლილოა ყველა ის დეტალი, სადაც კითხვის ნიშნები იყო და გამოითქვა შენიშვნები სესიაზეც, ასევე რაც ჰქონდა სახალხო დამცველს წარდგენილ წერილში, ჩვენ ეს გავითვალისწინეთ, წარმოდგენილია უკვე სახეცვლილი, ანუ უფრო მეტად დაზუსტებული ვარიანტი კანონპროექტის. რაც შეეხება ვადას, დღეს 11 საათზე გვაქვს საკოორდინაციო საბჭო, სადაც ეპიდემიოლოგებთან ერთად გავივლით, რომ ეს იყოს გონივრული და კანონპროექტმა მთავარ მიზანს მიაღწიოს, რომ რისკები მოსახლეობის დაინფიცირების იყოს მინიმალური”, – განაცხადა ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგეხსენებათ, რომ 21 მაისს გამართულ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კობახიძე, სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, რომ ის ნორმები, რომლებიც დგინდება ახალი კანონპროექტით, იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.
ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობამ საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში რიგი შეზღუდვები დააწესოს.