წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები - ჩიქოვანი კომენდანტის საათის დარღვევაზე

პუბლიკა

საპატრიარქოსთან მოლაპარაკების შემდეგ, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მოქალაქეებმა განუხრელად უნდა დაიცვან კანონის ძალით დადგენილი შეზღუდვები და საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე შეზღუდონ ყოველგვარი გადაადგილება. წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

„დაბეჯითებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და დაწესებული კომენდანტის საათის დროს საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იზღუდება ყოველგვარი გადაადგილება. ამ ნორმის დარღვევა კი ითვალისწინებს 3000 ლარის ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში 17 აპრილიდან 10 დღის ვადით ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე.

„მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის განცხადებით, დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ 2-მეტრიანი დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები.