საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „ACCIONA“ საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დავოსში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, რაფაელ მატეომ განაცხადა, კომპანიის დელეგაცია არსებული შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში უკვე იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ქარის ელექტროსადგურების პროექტების განვითარების შესაძლებლობაზე, ქვეყნის მდიდარ ჰიდრორესურსებზსა და ელექტროენერგიის ტრანზიტის პერსპექტივაზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის როლს რეგიონში და ევროკავშირის ბაზარზე.
„შეხვედრაზე გადაწყდა, რომ „ACCIONA-ის” წარმომადგენლობა გააგრძელებს მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან ქვეყანაში 200 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით.
„ACCIONA“ განახლებადი ენერგიისა და წყლის მენეჯმენტის სფეროში მსოფლიო ლიდერი კომპანიაა, რომელიც ექსკლუზიურად განახლებადი ენერგიის სექტორში ხუთ კონტინენტზე, 20 ქვეყანაში ოპერირებს. კომპანია ასევე საქმიანობს ქარის ტურბინების გენერატორების წარმოების სფეროში. „ACCIONA-ის” წლიური შემოსავალი 7,5 მილიარდ ევროს, ხოლო კომპანიის მიერ დასაქმებულთა რაოდენობა 38 000 ადამიანს აჭარბებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.