კომპანია „ბორჯომმა“ 49 თანამშრომელს ხელშეკრულება შეუწყვიტა

პუბლიკა

მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი“ 49 თანამშრომელს სამსახურიდან ათავისუფლებს. როგორც კომპანია აცხადებს, „თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის” მისაღები არ აღმოჩნდა ხელშეკრულების შეცვლილი პირობები, რის გამოც რეორგანიზაციის პროცესი დაიწყეს.

„მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია დღეს უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით ცვლილება შეგვეტანა დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლებს განახლებული პირობები (რაც გულისხმობს, მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას – ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი), რაც სამწუხაროდ, თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისათვის კანონმდებლობის საფუძველზე შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას პროფკავშირების წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე აცხადებს, მათთვის ჯერ უცნობია, ვინ არიან გათავისუფლებულთა შორის. ეს ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც დასაქმებულებს გათავისუფლების შესახებ განცხადება გადაეცემათ.

„ეს ნაბიჯი კომპანიის მხრიდან არის მცდელობა, გამოიწვიოს დაპირისპირება დასაქმებულთა შორის. რომ ვითომ რეორგანიზაცია განხორციელდა იმის გამო, რომ დასაქმებულებმა ხელი არ მოაწერეს ხელშეკრულებას. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ პროფკავშირები სამართლებრივად დავიცავთ ამ ადამიანებს”, – აღნიშნა დიასამიძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში დღეს ასევე შეიტანეს განცხადება მედიაციის დაწყების მიზნით.

„IDS ბორჯომმა“ სანქციების გამო წარმოების დროებით გაჩერების შემდეგ დასაქმებულებს ხელშეკრულების ახალ პირობები შესთავაზა.

დასაქმებულების თქმით, ისინი გაგებით ეკიდებიან კომპანიაში შექმნილ ვითარებას, თუმცა მოითხოვენ, რომ ხელშეკრულების ახალი პირობების მოქმედებაზე დაწესდეს ვადა – 3 თვე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კი თავიდან შეფასდეს ვითარება და შრომის ანაზღაურების საკითხიც შესაბამისად გადაწყდეს.

ისინი გასულ დღეებში მოითხოვდნენ, კომპანიის გენერალურ დირექტორ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრას, ასევე – საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.