გუმათში, კომპანია ENKA-ს ერთ-ერთ ბაზასთან პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლაა.
ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანიის ENKA-ს ერთ-ერთ ბაზასთან, სოფელ გუმათის შესასვლელთან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს გზა აქვთ გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს გზის ორივე მხარეს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული, ისინი მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ატარებენ. არ ატარებენ კომპანიის კუთვნილ მანქანებს.
აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, დაპირისპირება კომპანიის კუთვნილი მანქანების გატარებას მოჰყვა. გოლეთიანი ამბობს, რომ აქციის მონაწილეები, მშვიდობის ნიშნად კომპანიის მანქანებს ხელებაწეულნი დახვდნენ, რასაც, მისი თქმით, „პოლიციის მხრიდან მოჰყვა აგრესია, პირდაპირ დაიწყეს დარბევა.“ მისი ინფორმაციით დაკავებულია, სავარაუდოდ, 10-მდე ადამიანი.
„პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა და დაკავებულების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას ვცდილობთ.
„შეხლა-შემოხლა მოჰყვა კომპანია „ენკას“ მანქანების გატარებას – დღეს ჩვენ ვთქვით, რომ არ გავატარებდით კომპანიის მანქანებს, ამიტომ ხელებაწეულები დახვდნენ ბიჭები გზაზე როცა მოდიოდნენ და პირდაპირ გადმოვიდა პოლიცია, სპეცრაზმი დარბევაზე ჩვენი თანამებრძოლების. [პოლიციელებმა] ძალა გამოიყენეს – მანქანებზე მიახეთქეს ადამიანები და დაზიანება პირდაპირ მანქანებსაც ეტყობა. გათბობის მიზნით ცეცხლი ენთოთ ადამიანებს და პირდაპირი მნიშვნელობით, ცეცხლში ჩავარდა ერთი ჩვენი თანამებრძოლი. იქვე რომ არ ვყოფილიყავი ირგვლივ, არ ვიცი, ალბათ მართლა საშინელებით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. დაკავებულია, როგორც ვიცით, 10 ადამიანი და დაშავებული არის თუ არა ვინმე, ასე კონკრეტულად, ჯერ-ჯერობით არ ვიცით. ვარკვევთ ახლა ჩვენ თვითონაც“,- აცხადებს აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი.
სოფელ გუმათიდან ჰესის მოწინააღმდეგეებმა ამ ადგილზე რამდენიმე საათის წინ გადაინაცვლეს. როგორც გოლეთიანი ამბობს, პოლიციის უფროსისგან ვერ მიიღეს დასაბუთება, რატომ არ უშვებენ ჰესის მოწინააღმდეგეებს ნამოხვანში. ამიტომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გადაკეტონ გზა, რათა ხეობაში შესვლა კომპანიის მანქანებმაც ვერ შეძლოს.
პოლიციას აქციის მონაწილეებისთვის გონივრული ვადა აქვს მიცემული, რათა გაათავისუფლონ საავტომობილო გზა.