კომპანია Facebook სახელს იცვლის და Meta-ს ირქმევს

პუბლიკა

Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ზაქერბერგის განცხადებით, კომპანიის ახალი სახელი იქნება – Meta. „ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ქმნიდა და ქმნის დამაკავშირებელ ტექნოლოგიებს. ახლა, საბოლოოდ, შეგვიძლია ადამიანები დავაყენოთ ჩვენი ტექნოლოგიების ცენტრში“, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.

მისი თქმით, საჭიროა, რომ კომპანიის სახელზეც აისახოს ის ცვლილებები, რასაც კომპანია ატარებს და სურს საზოგადოების აღქმაში სოციალური მედიის კომპანიიდან მეტავერსულ კომპანიად გარდაისახოს.

Facebook-ის სახელის შესაძლო ცვლილებაზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მედიაში როგორც ვრცელდებოდა ინფორმაცია, სახელის ცვლილება იმ მიზნით გადაწყდა, რომ Facebook, როგორც კომპანია, მხოლოდ სოციალურ ქსელთან არ ასოცირდებოდეს.

Facebook, როგორც კომპანია დაფუძნების შემდეგ გაიზარდა და ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში დაიწყო მუშაობა. მისი ერთ-ერთი ბოლო პროექტია სწორედ მეტავერსი, რომლის მეშვეობითაც, კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, იქმნება სივრცე, სადაც მომხმარებლები იცხოვრებენ, იმუშავებენ და ივარჯიშებენ ვირტუალურ სამყაროში.

სახელის ცვლილება შეეხება თავად კომპანიას, ხოლო სოციალური ქსელები ოპერირებას ჩვეულებრივ გააგრძელებენ.