კომპანია, რომელსაც წერეთლის გამზირის კონტრაქტი შეუწყდა, იგოეთი-ახალქალაქის გზას ააშენებს

პუბლიკა

კომპანია „ერ ტე დე“, რომელსაც წერეთლის რეაბილიტაციის კონტრაქტი შეუწყვიტეს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-63) იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 9-20 კილომეტრების მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს.

ამის შესახებ შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან ვიგებთ.

ხელშეკრულება 15 მილიონ ლარს მოიცავს. ის 2024 წლის 18 იანვარს გაფორმდა.

2 დღით ადრე, 16 იანვარს შპს „ერ ტე დეს“ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების უხარისხოდ და ნელა შესრულების საბაბით თბილისის მერიასთან ხელშეკრულება შეუწყდა.

მერიის განცხადებით, კონტრაქტორმა კომპანიებმა „ერ ტე დემ“ და  „მილენიუმ ბილდერს გრუპმა” არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. მათივე მტკიცებით, ინსპექტირების აქტებით დადასტურდა სამუშაოების არწარმოების შემთხვევები, გრაფიკთან ჩამორჩენა.