კომპანია „შუახევი ჰესის" გვირაბებიდან წყლის გაჟონვის ფაქტს არ ადასტურებს

პუბლიკა

„შუახევი ჰესის” მფლობელი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია” ეხმაურება ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ინფორმაციას, რომ ჰესის ოპერირების განახლების შემდეგ პროექტისთვის გაყვანილ გვირაბებთან წყალმა გაჟონვა დაიწყო. „მწვანე ალტერნატივა” ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციას ავრცელებდა.

კომპანიის თქმით, აღნიშნულ 2 სოფელში გვირაბთან დაკავშირებული წყლის გაჟონვის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

„სოფელ გორხანაულში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ ჯერ კიდევ 2017 წლიდან თვლიდა, რომ ამ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი იყო დამონტაჟებულიყო წყლის ნაკადის მიმართულების შესაცვლელად სადრენაჟო სისტემა. კომპანიამ განახორციელა აღნიშნული სისტემის მონტაჟი, რომლის შემდგომაც  წყლის ნაკადის დაგროვება აღარ მომხდარა. პარალელურად რეგულარულად მიმდინარეობს აღნიშნული ტერიტორიის მონიტორინგი. გვირაბების შევსების შემდგომ წყლის დონე არ შეცვლილა და ირგვლივ არსებული ტერიტორია მთლიანდ მშრალია.

რაც შეეხება სოფელი მახალაკიძეების საკითხს, ჭირუხი-სხალთის დამაკავშირებელი გვირაბი 2019 წლის დეკემბერში შეივსო, ეს პერიოდი უხვი ნალექით გამოირჩეოდა, თოვლის დნობის პროცესი ახლაც მიმდინარეობს, მდინარის კალაპოტში არსებული წყლის დონის მატება, სწორედ შესაბამისი ბუნებრივი კლიმატური  მოვლენების შედეგია.  დაგემილი მონიტორინგის ფარგლებში, შუახევიჰესის გუნდის წევრები, მუდმივად ახორციელებენ ამ ტერიტორიის ინსპექტირებას, თუმცა გვირაბის სიახლოვეს, გვირაბთან დაკავშირებული წყლის გაჟონვის ფაქტი არ დაფიქსირებულა.  გარდა ამისა, გვირაბის ხაზი ამ კონკრეტული ტერიტორიიდან  თითქმის ნახევარი კილომეტრით  არის დაშორებული”, – ნათქვამია განცხდებაში.


ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ინფორმაციით, „შუახევი ჰესმა“, რომელიც 2017 წელს ამუშავებიდან 2 თვეში ჩამოიშალა, ოპერირება განაახლა, თუმცა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს,  შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში, გოლხანაურსა და მახალაკიძეებში, 420-მილიონიანი პროექტისთვის გაყვანილ გვირაბებთან წყალმა გაჟონვა დაიწყო.

„წლებია, ადგილობრივი მოსახლეობა პროექტის შედეგებზე ჩივის და მშენებლობის პროცესმა უკვე აჩვენა, რომ მას შეუძლია მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოს საფრთხე შეუქმნას. მას შემდეგ, რაც ჰიდროელექტროსადგურმა მარცხი განიცადა 2017 წელს, კომპანიამ უამრავი ფული დახარჯა მის შეკეთებაზე, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც დაზიანდა, კომპანიისგან პასუხი კვლავ არ მიუღია“, – ამბობს მანანა ქოჩლაძე, „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელი, – „ახლა პროექტი სრული დატვირთვის ამუშავებას იწყებს და სოფლებშიც შიში ბრუნდება. საბოლოო ჯამში კი, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, როგორც 3 წლის წინ გვირაბების ჩამოშლაზე, არავინ იღებს და შესაბამისი ზომები მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად მიღებული არ არის“.