კომპანიამ, რომლის დირექტორიც ქობულეთის მერიაში მუშაობდა, შესყიდვებიდან 18 809 434 ლარი მიიღო - TI

პუბლიკა

კორუფციის რისკი ქობულეთის მუნიციპალიტეტის უკონკურენტო შესყიდვებში – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს კვლევას და მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, დროულად დაიწყოს მოკვლევა ბოლო წლებში  ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ იმ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, სადაც „ჯორჯიან სტოუნი” უკონკურენტოდ ან ტენდერებში სხვა მონაწილეების დისკვალიფიკაციის ხარჯზე იმარჯვებს.

TI-ის თქმით, ასეთი სატენდერო პოლიტიკა კორუფციის რისკის შემცველია, თუ  იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ კომპანიის დირექტორი, ბადრი რომანაძე წლების განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი იყო.

მათი თქმით, „ჯორჯიან სტოუნი“, რომლის დირექტორი ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, ბადრი რომანაძეა, ამავე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. 2019 წელს სწორედ ამ კომპანიამ შეასრულა ქობულეთის სანაპირო ზოლის ზღვისპირა პარკის 2,770,077 ლარის ღირებულების პირველი ეტაპის სამუშაოებიც.

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ქობულეთის მერია სატენდერო პირობებს სავარაუდოდ არგებს „ჯორჯიან სტოუნის” ინტერესებს, რაც ანტიკორუფციული სამსახურის მოკვლევის  საგანი უნდა გახდეს. საყურადღებოა, რომ კომპანიამ სსიპ „ბათუმის ბულვარის” შესყიდვებში ასევე კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა”, – წერს TI.

ორგანიზაციის ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებს შპს „ჯორჯიან სტოუნი” შეასრულებს. მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2020 წლის 18 მარტს გააფორმა. აუქციონის გარეშე გამართული ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიამ დაიწუნა შპს „Award”-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და კომპანია ტენდერს დისკვალიფიკაციით გამოეთიშა. კომისიამ უპირატესობა მიანიჭა შპს „ჯორჯიან სტოუნს”, რომლის შეთავაზება – 4 637 636 ლარი – მცირედით ჩამორჩებოდა ტენდერის სავარაუდო ღირებულებას (4 773 769 ლარი).

გთავაზობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოკვლევის შედეგებს:

„ჯორჯიან სტოუნის” შესყიდვები და კავშირები ქობულეთის მუნიციპალიტეტთან

„ჯორჯიან სტოუნის” დირექტორი ბადრი რომანაძეა. იგი 2011-2014 წლებში ქობულეთის მერიაში არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო. ბადრი რომანაძის კომპანიის დირექტორად დანიშვნამდე „ჯორჯიან სტოუნმა” მხოლოდ ერთ (ბათუმის მერიის გამოცხადებულ) ტენდერში გაიმარჯვა 2013 წელს. გაწეული სამუშაოებისთვის კომპანიამ 18 000 ლარამდე მიიღო.

სწორედ რომანაძის საჯარო სამსახურიდან წასვლისა და კომპანიის დირექტორად დანიშვნის შემდეგ დაიწყო „ჯორჯიან სტოუნის” გამარჯვება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, „ჯორჯიან სტოუნმა” 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 27 ტენდერში გაიმარჯვა, ამასთან, გაუფორმდა გამარტივებული შესყიდვის (755 374 ლარის ღირებულების) ერთი ხელშეკრულება და ჯამში 18 809 434 ლარი მიიღო, რომლის 38%-ზე მეტი უკონკურენტო ტენდერებსა და პირდაპირ შესყიდვებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ 6 184 705 ლარის ღირებულების 7 ტენდერში კომპანია უკონკურენტოდ მონაწილეობდა, ხოლო 5 ტენდერში „ჯორჯიან სტოუნმა” კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.

ჯამში, კომპანიამ ბოლო 6 წლის განმავლობაში სამშენებლო მასალების მიწოდებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის შემსყიდველი ორგანიზაციებიდან 27 031 328 ლარი მიიღო. ამ თანხის 70% (18 809 434 ლარი) „ჯორჯიან სტოუნს” ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აქვს მიღებული”, – წერს TI.

გაეცანით განცხადებას სრულად ბმულზე;