გათავისუფლებული მეშახტეები ხვიჩა გაბუნია და გიორგი აბულაძე განმარტავენ, რატომ თქვეს უარი კომპანია „საქნახშირის” შეთავაზებაზე გადამზადებასთან დაკავშირებით.
„საქნახშირმა” დღეს, 27 დეკემბერს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ „რეორგანიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდა” და კომპანიამ „გადამზადების პროგრამა და შესაბამისი კონტრაქტი შესთავაზა 38 ადამიანს, მათგან 7-მა აღნიშნულ შეთავაზებაზე საკუთარი ნებით თქვა უარი (მათთან 2-თვიანი კომპენსაციის გადახდის შეთანხმება შედგება). დანარჩენ 31 თანამშრომელთან შეთანხმება უკვე გაფორმდა”.
სწორედ ამ 7 ადამიანში, რომლებმაც უარი თქვეს კომპანიის შეთავაზებაზე, არიან გათავისუფლებული მეშახტეები – ხვიჩა გაბუნია და გიორგი აბულაძე.
„პუბლიკასთან” საუბარში ხვიჩა გაბუნია ამბობს, რომ კომპანიის მიმართ უნდობლობის გამო უარი თქვა გადამზადების შეთავაზებაზე. მისი თქმით, „საქნახშირის” მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია სიცრუეა.
როგორც მეშახტე ამბობს, ჰქონდა საუბარი ხელმძღვანელებთან, თუმცა „მე მათთვის ვიყავი მიუღებელი კადრი იმიტომ, რომ ყოველთვის ვიბრძოდი უსამართლობის წინააღმდეგ”.
„ეს უარი არის იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდები არ არის სამართლიანად და ერთნაირად ჩატარებული. ზოგისთვის კითხვები გაცილებით მეტია, ზოგისთვის ნაკლები. მე მყავს მეგობარი, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე კითხვა დაუსვეს. მე მინდა, რომ ყველასთვის სამართლიანად იყოს და ყველა ჩავდგეთ ერთ სითხეში.
ეს ყველაფერი არის ფარსი, მაგათი გამოგონილი. ვითომ შახტიორი გამოცდას ვეღარ აბარებს და მოიგონეს რაღაცები… არ ვენდობი საერთოდ და მაგიტომ ვთქვი უარი.
გვქონდა გულწრფელი საუბარი [ხელმძღვანელობასთან] ყველაფერზე, მაგრამ მე მათთვის ვიყავი მიუღებელი კადრი იმიტომ, რომ ყოველთვის ვიბრძოდი უსამართლობის წინააღმდეგ – როგორც წინა ხელისუფლების, ასევე დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც. სისტემაში სულ ერთი და იგივე ხალხია და სულ მათთან მიწევს ბრძოლა.
ძალიან ბევრი საუბარი მქონდა პირობების გაუმჯობესებაზე, მაგრამ ჩემს ნათქვამს ისინი ყურად არ იღებდნენ“, – ამბობს გაბუნია.
გაბუნია სვამს შეკითხვას და ამბობს, რომ 7 წელია სამთო ოსტატია, მანამდე კი მუშის პოზიციაზე მუშაობდა და თუ ასეთი „უვარგისი” იყო, მაშინ რატომ გააჩერეს პოზიციაზე?
„7 წელია სამთო ოსტატი ვარ, მანამდე ვიყავი მუშის პოზიციაზე. ფრჩხილი რომ ფრჩხილია, მუშას ის არ უტკენია ჩემი ზედამხედველობის ქვეშ. თუ ასეთი უვარგისი ვიყავი, რატომ გამაჩერეს მაშინ ამ პოზიციაზე? ახლა დასჭირდათ და მომიცილეს თავიდან? ეს ყველაფერი დაკავშირებულია პოლიტიკურ შეხედულებებთან, მქონდა განსხვავებული აზრი, არ ვიყავი მონურ მორჩილებაში და მომიცილეს თავიდან“, – განაცხადა ხვიჩა გაბუნიამ.
კომპანიის მიმართ უნდობლობაზე საუბრობს მეორე მეშახტე – გიორგი აბულაძეც, რომელიც შახტაში 18 წელი მუშაობდა.
„არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. სამსახურიდან ათავისუფლებენ ადამიანს, შემდეგ გამოდის კომპანია და ამბობს, რომ გადამზადება მოხდება ამ ადამიანების. ჯერ გადაემზადებინათ და შემდეგ ჩაეტარებინათ გამოცდები. თუ ვერ ჩავაბარებდით მერე გავეთავისუფლებინეთ, ეს ხომ ლოგიკურია? მე იმიტომ ვთქვი უარი, რომ არ მჯერა მაგათი საუბრის და არაფრის. უნდობლობა მაქვს, რადგან რაც თქვეს ყველაფერი სიცრუეა.
ჩემი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური შეხედულებების გამო, ჩემი ოპოზიციური პოსტების გამო სოციალურ ქსელში. ვიყავი პოლიტიკურ პარტიაშიც და ამის გამო გამათავისუფლეს მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც.
ბევრჯერ გამაფრთხილეს, რომ თავი დამენებებინა სოციალურ ქსელში პოსტების წერისთვის. იყო გამოგზავნებიც, რომ დამეტოვებინა პარტია – გამომიგზავნეს პიროვნებები და იყო დაშინება, შენ თავს თუ არ უფრთხილდები, ჩემი ძმა და რძალიც დასაქმებული იყვნენ ამავე კომპანიაში და იმათ გაუფრთხილდიო. ეს მუქარა შეასრულეს და გაგვათავისუფლეს”, – აცხადებს აბულაძე.
მეშახტეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ცნობილი 24 დეკემბერს გახდა. ხვიჩა გაბუნიამ და გიორგი აბულაძემ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში დაწერეს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
კომპანია „საქნახშირის” წარმომადგენელმა იმავე დღესვე განაცხადა, რომ მეშახტეები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით არ გაუთავისუფლებიათ.
მოგვიანებით, კომპანიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ევროპული სტანდარტების სრული დაცვით იწყებს მუშაობას და დაგეგმილია ახალი შახტის გახსნა”.
განცხადების თანახმად, საქნახშირში დასაქმებულების ცოდნისა და კვალიფიკაციის შემოწმების პროცესი წარმატებით განხორციელდა და „ახალი შახტის პროექტი თითოეულ თანამშრომელს საშუალებას აძლევს, გაიღრმაოს ცოდნა, გაიუმჯობესოს გამოცდილება ან, აირჩიოს სრულიად ახალი პროფესია”.
საქნახშირი აცხადებს, რომ რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესი 3 თვის წინ დაიწყო და 1 იანვარს დასრულდება. კომპანიის მტკიცებით, 350-მა დასაქმებულმა უკვე მიიღო ახალი კონტრაქტი და „გადადიან ახალ სახელფასო სისტემაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ შემოსავალს”.