კომპანიების მხრიდან მზარდია უნდობლობა საქართველოს სასამართლოების მიმართ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო რეგიონში გამორჩეულია ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, უმჯობესდება მისი პოზიციები კორუფციის აღქმის, მმართველობისა და სხვა ინდექსებში, თუმცა მზარდია უნდობლობა სასამართლო სისტემის მიმართ.

„მთლიანობაში, ბიზნეს და საინვესტიციო პირობები მყარია და საქართველო რეგიონის ქვეყნებში გამორჩეულია, თუმცა მზარდია უნდობლობა სასამართლო სისტემის მიმართ, რომ კომერციულ საქმეებს კომპეტენტურად, დამოუკიდებლად და დროულად განიხილავენ, ბიზნესდავების ნაწილის განხილვა წლობით მიმდინარეობს.

ამასთან კომპანიები ჩივიან გადაწყვეტილებების მიღების არაეფექტიან პროცესზე, განსაკუთრებით კი მუნიციპალურ დონეზე, ასევე, მიუთითებენ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების სირთულეებსა და არაეფექტიან ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე.

ისმის ბრალდებები პოლიტიკური ჩარევისა და კანონებისა და რეგულაციების, მათ შორის, კომერციული კანონმდებლობის შერჩევითი აღსრულების შესახებ. ასევე სირთულეებია საკუთრების უფლებებთან მიმართებით წარმოშობილი დავების გადაწყვეტის პროცესშიც.

საქართველოს მთავრობა აგრძელებს ამ საკითხების მოსაგვარებლად მუშაობას და აღნიშნული სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ბიზნესგარემო რეგიონის ქვეყნებს შორის კვლავ ღიაობით გამოირჩევა“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.