საპარლამენტო ფრაქციები – „ლელო“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” აინიცირებენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 20 ივნისის დაშავებულთა ერთჯერად კომპენსაციას, ყოველთვიურ დახმარებას და ჯანმრთელობის ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, მსუბუქი დაზიანების მქონე პირებს მიეცემათ ერთჯერადი კომპენსაცია, ხოლო ვინც მძიმე დაზიანება მიიღო, მათ აუნაზღაურდებათ მკურნალობის ხარჯები და ექნებათ საპენსიო უზრუნველყოფა. ვაშაძის განცხადებით, კანონპროექტი არ ითვალისწინებს პირების დაზარალებულად ცნობას და მათ სტატუსის დადგენის გარეშე უნდა დაეხმაროს სახელმწიფო.
„ვინც მსუბუქი ან მძიმე დაზიანება მიიღო, მათ მიეცემათ ერთჯერადი კომპენსაცია, ვინც მძიმე დაზიანება მიიღო, ერთჯერად კომპენსაციასთან ერთად აუნაზღაურდებათ მკურნალობის ხარჯები და მთელი ცხოვრების მანძილზე ექნებათ საპენსიო უზრუნველყოფა. ეკუთვნით მათ ეს ყველაფერი, რადგან დაზიანდნენ და მიიღეს მძიმე ფიზიკური ზიანი, რომელმაც მათი ცხოვრება შეცვალა“, – განაცხადა ვაშაძემ.
კანონპროექტის შესახებ დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ უახლოეს დღეებში ფრაქციების წევრები ბრიფინგს გამართავენ და კანონპროექტს ოფიციალურად დააინიცირებენ.
„ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციის მხრიდან ამ თემაზე საუბარი პოპულისტურია.
„აპელირებენ 20 ივნისის მოვლენებზე. არც გახსენებიათ, რომ იყო 7 ნოემბერი, 26 მაისი. თუ ასე გულშემატკივრები არიან, მაშინ რატომაა, რომ მხოლოდ ამ მიმართულებაზე ხდება მათი მხრიდან საკითხების გამოკვეთა?“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე „TV პირველთან“.
დეპუტატი რიმა ბერაძე ამბობს, რომ დაზარალებულების დახმარების მიმართ მისი დამოკიდებულება დადებითია, თუმცა არ იცნობს კანონპროექტს და შინაარსის გაცნობამდე პოზიციის დაფიქსირება უჭირს.
„TV პირველმა“ კანონპროექტის შესახებ შეკითხვა პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავასაც დაუსვა.
მისი თქმით, ეს არის კანონპროექტი, რომელზე მსჯელობაც პარლამენტში უნდა გაიმართოს.
„თუ იქნება კონკრეტული მუხლები, პრინციპის დონეზე მე ვეთანხმები“, – ამბობს კუჭავა.
15 ივნისს კანონპროექტის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ 20 ივნისის დაზარალებულებსაც გააცნო.
ისინი აცხადებენ, რომ ამ ინიციატივის დაყენება ამნისტიის პუნქტზე თანხმობის მიცემის გამო მორალური პასუხისმგებლობაა.
შეხვედრაზე მყოფ 20 ივნისის აქციის მონაწილეებს იმედი არ აქვთ, რომ კანონპროექტს მმართველი პარტია მხარს დაუჭერს.