პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დასრულდა შეხვედრა, რომელზეც დეპუტატებს სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის წესის შესახებ უნდა ემსჯელათ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, რომ იმ ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც ესწრებოდნენ შეხვედრას, აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა ისინი მოითხოვდნენ, რომ ომბუდსმენის არჩევის პროცესი ინკლიზიური იყოს და მასში ჩაერთონ არასამთავრობოებიც.
მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციასთან პროცედურებზე შეთანხმება უფრო გაუადვილდება, ვიდრე ომბუდსმენის კანდიდატურაზე.
„მათ განსხვავებული აზრი და დამოკიდებულება აქვთ. „ევროპელი სოციალისტები“ ამბობდნენ, რომ წინა შემთხვევა უნდა გამოირიცხოს. წინა შემთხვევად მიაჩნიათ ის, რომ სახალხო დამცველად პირდაპირ „ნაცი“ დავსვით და ასეთი არ უნდა დაგვემართოს. სხვები სხვაგვარად თვლიან. შეიძლება, კანდიდატებზე უფრო მეტი პრობლემა შეგხვდეს, კომპრომისების გზით კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ. ვიმუშავებთ, რომ მეტ-ნაკლებად მისაღები კანდიდატი იყოს არჩეული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ არასამთავრობოებს შეხვდება, საღამოს კი საზოგადოებას გუნდი მათ ხედვას გააცნობს.
პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს გახარიას პარტიის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. ფრაქცია სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდა. ხოჯევამიშვილი ამბობს, რომ მისი გუნდისთვის ამოსავალი წერტილი იქნება, რამდენად მისაღებია კანდიდატი საზოგადოებისთვის.
კანდიდატის შესახებ შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობს ვიცე-სპიკერი, „მოქალაქეების“ წვერი ლევან იოსელიანი. მისი თქმით, არასამთავრობოების აზრი მნიშვნელოვანია, თუმცა შესაძლებელია, პოლიტიკურმა ჯგუფებმა აიღონ პასუხისმგებლობა და კანდიდატურები წარადგინონ. იოსელიანი აკრიტიკებს იმ ფრაქციებს, რომლებიც შეხვედრას არ ესწრებიან.
პარლამენტში შეხვედრას არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ლელოს“ დეპუტატები.
როგორც „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ფრაქცია საპარლამენტო საქმიანობაში საკომიტეტო, ბიუროს და სხდომების ეტაპებიდან ჩაერთვება.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებენ, რომ მხარს სამოქალაქო სექტორის მიერ შერჩეულ კანდიდატს დაუჭერენ.