კომუნიკაციების კომისიამ „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, ომის პროპაგანდის გავრცელების შემთხვევაში რეაგირება მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი. კომუნიკაციების კომისიამ საკითხის შესწავლისას მიიჩნია, რომ საჩივარში მოყვანილი მსჯელობები სცდება ცალკეული დანაშაულის გამართლების ფარგლებს და გადაცემაში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა.
„ომის პროპაგანდა თავისი არსით ისეთი დარღვევაა, რომლის გავრცელებაც, მოქმედი კანონმდებლობით, 24 საათის განმავლობაში სრულად იკრძალება. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია ის მხოლოდ არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენ გადაცემად მიიჩნეოდეს, ვინაიდან რომელ საათზეც არ უნდა გავრცელდეს ომის პროპაგანდის შემცველი ინფორმაცია მაუწყებლის ეთერში, ის ყოველთვის წინააღმდეგობაშია მაუწყებლობის შესახებ კანონის პრინციპებთან”, – წერს კომისია.
პრორუსული და ძალადობრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ საჩივარი GDI-ის თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა შეიტანა. ის კომისიას „ალტ-ინფოს“ სამართალდამარღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით მიმართავდა.
მომჩივანს მიაჩნია, რომ ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ განცხადებები ემსახურება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტების გამართლებას და კრიმინალის გაიდეალებას, რაც აკრძალულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შემდეგ „ალტ-ინფო“ არაერთ გადაცემაში ცდილობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების უკრაინის შეცდომების შედეგად წარმოჩენას, რაც მის მიერ არჩეულმა პროდასავლურმა გეზმა გამოიწვია.
მსგავსი განცხადებებით, „ალტ-ინფო“ ამართლებს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის რესპუბლიკაში ომის, ლეტალური ძალის არადისკრიმინაციულად გამოყენებისა და ამდენად, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ „ალტ-ინფოს” მაუწყებლობის მთელი ნარატივი არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამართლება უკრაინის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსის არგუმენტებით.
ასევე, სახეზეა ამ კონფლიქტის მთავარი შემოქმედის, ვლადიმერ პუტინისა და მისი ქმედებების გაიდიალება, რითაც ტელეკომპანია ცდილობს რუსეთის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის გამართლებას, ომის დანაშაულებისთვის მორალური საფუძვლის წარმოჩენასა და მის დასაბუთებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
მარიკაშვილი „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმების მუხლის მიხედვით, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს;
რაც შეეხება სანქციებს, ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია, მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა და შესაბამისი დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება, თუ მისი აღმოფხვრა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია.
რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, კომისია უფლებამოსილია, მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0.5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.