კომუნიკაციების კომისიამ „იმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრები დააკმაყოფილა

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ პოლიტიკური გაერთიანებების „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრები დააკმაყოფილა და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დარღვევისთვის მაუწყებელს ორი სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია განმარტებული, „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ უფასო წინასაარჩევნო რეკლამა ტელეკომპანიამ ეთერში სიძულვილის ენის ტირაჟირების მიზეზით არ განათავსა. მათი თქმით, „იმედი“ აღნიშნავს, რომ წარდგენილი ვიდეო-რგოლი შეიცავს შეურაცხყოფისა და დაცინვის შემცველ ტექსტს, ხოლო, რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ უფასო პოლიტიკურ რეკლამას, ტელეკომპანიის განცხადებით მათ ეთერში ვერ განთავსდება ვიდეო-რგოლი, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.

„კომუნიკაციების კომისიამ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს (2021 წლის 25 მარტის განჩინება #ბს-1168(კ-20)) მიერ პოლიტიკური რეკლამისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეისწავლა და დაადგინა, რომ რეკლამების შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიამ  მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ ორივე შემთხვევაში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანებების საჩივრები და მიიღო გადაწყვეტილება „ტელე იმედის“ მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის შესახებ. მათი თქმით, სამართალდარღვევის ოქმები განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება.