კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი” 5 000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი” 5 000 ლარით დააჯარიმა. როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„მთავარი არხის” ცნობით, მარეგულირებელმა ჯარიმა იმ მიზეზით დააკისრა, რომ „ქართული ოცნების” მიერ მომზადებული პოლიტიკური რეკლამა ეთერში არ განათავსეს – როგორც არხის იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, კლიპი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ეხება, რაც კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ისინი არ არიან პოლიტიკური სუბიექტები.

“ეს კლიპი, კონკრეტული ნაწილი, რომელიც არის სადაო, ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ სამიზნედ არიან ამოღებული მოქალაქეები, კერძოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან პოლიტიკური სუბიექტები, არც ცესკო-ში რეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტები, არ იღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას. ხოლო კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის ისეთი რეკლამა, რომელიც თავად პოლიტიკური სუბიექტის, ანუ პარტიის ხელშემწყობია, ან სხვა პოლიტიკური სუბიექტის ხელშემშლელი.

„ქართული ოცნების” დაჟინებული მოთხოვნაა ამ ადამიანების წინააღმდეგ იყოს ეს გზავნილი, ისინი არიან წარმოჩენილნი, როგორც საზოგადოების მორალური გადამგვარებლები, ამის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისიამ ჩათვალა, რომ ასეთი კლიპი უნდა განთავსდეს ეთერში”, – ამბობს თამთა მურადაშვილი.