კომუნიკაციების კომისიამ „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა არხები გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. „ქართული ოცნების“ საჩივრები კომისიამ 19 ივნისს გამართულ სხდომაზე განიხილა, გადაწყვეტილება კი დღეს გამოაცხადა.
პარტიამ ტელეკომპანიებს ისეთი ფრაზების გამოყენების გამო უჩივლა, როგორებიცაა: „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“, „კლანის სასამართლო“ და ა.შ. საჩივრების საფუძველი იყო „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები.
„ოცნების“ საჩივრები პირველია, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგად უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ განხილვაში მიიღო.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები 1 აპრილს მიიღო. ამ ცვლილებებით მაუწყებლების დაფინანსებისა და მუშაობის სტანდარტები დარეგულირდება.
დაფინანსების აკრძალვა „უცხოური ძალისგან“ მიღებულ პირდაპირ და ირიბ დაფინანსებას უკავშირდება, ხოლო მუშაობის სტანდარტებთან დაკავშირებით, „ოცნება“ ამტკიცებს, რომ დანერგავენ ე.წ. ბრიტანულ მოდელს, რომლითაც ხარისხიანი და ობიექტური ინფორმაცია იქნება უზრუნველყოფილი. საკითხები, რომლებიც მედიის თვითრეგულირების მექანიზმს ექვემდებარებოდა, კანონის რეგულირების სფეროში გადადის.
საკითხები, რომელიც მაუწყებლის ქცევის კოდექსით იყო განსაზღვრული, „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ჩაიწერა.