მედიის ადვოკატირების კოალიცია აცხადებს, რომ „პოსტვ-ის“ წილების გასხვისების საკითხი კომუნიკაციების კომისიამ უნდა შეისწავლოს.
დღეს, 4 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, რომელიც მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეიუერთდა, ტელეკომპანია „პოსტვ-ის“ 52%-იანი წილი 520 ათას ლარად შეიძინა. ამის შემდეგ ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ არხი ამიერიდან „ხალხის ძალის“ მედიაპლატფორმა ხდება.
მედიაკოალიციის განცხადებით, დეპუტატის მიერ ტელევიზიის ფლობასთან დაკავშირებით უკვე არსებობს სტანდარტი, რომელიც 2016 წელს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელების, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი წევრის ზაზა ოქუაშვილის და მისი მეუღლის საქართველოს პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძის შემთხვევაში დაადგინა.
„ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით, კომისიამ ტელეკომპანია „იბერიის“ მესაკუთრეებს აცნობა, რომ მათ მიერ ტელევიზიის ფლობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევა იყო.
კერძოდ, 37-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი კრძალავს „ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე“ ფლობდეს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას/ავტორიზაციას.
საპასუხოდ, ოქუაშვილმა და ჩხეიძემ წილების მართვის უფლება სხვა პირებს გადასცეს, თუმცა კომუნიკაციების კომისიის წერილით ირკვევა, რომ კომისიამ ეს საკმარისად არ ჩათვალა და კვლავ მოუწოდა მფლობელებს „შესაბამისი ზომები“ მიეღოთ. საბოლოოდ, ზაზა ოქუაშვილმა და ნატო ჩხეიძემ წილები შვილებს აჩუქეს.
Დღეს ვიქტორ ჯაფარიძემ განმარტა, რომ წილს სამართავად მინდობილ პირს გადასცემს. თუმცა კომუნიკაციების კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკით, მას ეკრძალება არა მხოლოდ ტელევიზიის წილის მართვა, არამედ საკუთრებაში ფლობა“, – ნათქვამია მედიაკოალიციის განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას, შეისწავლოს პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის მიერ „პოსტვ”-ის წილების ფლობის კანონიერების საკითხი.
ვიქტორ ჯაფარიძემ bpn-თან განმარტა, რომ ის კანონის დარღვევას არ აპირებს და თავის წილს მინდობით გადასცემს მართვაში სხვა პირს. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩანაწერის შესახებ დღეს ჰკითხეს ასევე ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ ვიქტორ ჯაფარიძეს ტელევიზიის წილის შეძენით კონსტიტუცია არ დაურღვევია, დანარჩენ დეტალებში კი გაერკვევიან.
კომუნიკაციების კომისიიდან „პუბლიკას“ წერილობით აცნობეს, რომ კანონის მიხედვით მაუწყებლის ბენეფიციარი მესაკუთრე (წილის მფლობელი) არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, ასევე ადმინისტრციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით კი დეპუტატი არ არის საჯარო მოხელე.
მაშინ რა განსხვავებაა „იბერიის“ და „პოსტვ-ის“ ქეისებს შორის, „პუბლიკა“ ამ შეკითხვაზე პასუხს ჯერ ისევ ელოდება.
„ტელეკომპანია პოსტვ-ის წილის გასხვისებასთან დაკავშირებით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით კომუნიკაციების კომისიაში ცვლილებების შესახებ ინფორმაციის წარმოსადგენად აქვს 10 დღიანი ვადა.
რაც შეეხება ახალ მფლობელს, კანონის მიხედვით მაუწყებლის ბენეფიციარი მესაკუთრე (წილის მფლობელი) არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, ასევე ადმინისტრციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე.
საჯარო სამსახურის კანონის თანახმად, დეპუტატი არ წარმოადგენს საჯარო მოხელეს. შესაბამისად, ვინაიდან ვ. ჯაფარიძე არ წარმოადგენს არც საჯარო მოხელეს და არც ადმინისტრაციული ორგანოს ან პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს, მის მიერ მაუწყებლის წილის შეძენა არ ეწინააღმდეგება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიიდან მიღებულ პასუხში.