საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი 3 წევრი, ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე და ლევან გზირიშვილი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
საუბარია ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მას ნიკა გვარამიას პროცესის შემდეგ სასამართლოში შეხვდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, რომელიც გვარამიას განაჩენით დაინტერესდა და შემდეგ აცნობა, რომ ის აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოხსნილი იყო.
იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების შეფასებით, ეს არის აშკარა ჩარევა კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლლობაში და სხვა მოსამართლეებზე ირიბი ზეწოლის მკაფიო მაგალითი.
„ერთი მხრივ, აღნიშნული ფაქტი აშკარა ჩარევაა კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობაში, ხოლო მეორეს მხრივ, კი ეს უკვე სხვა მოსამართლეებზე ერთგვარი „ირიბი“ ზეწოლის მკაფიო მაგალითია, ანუ თუ როგორ არ უნდა მოიქცეს მოსამართლე, რომ ვიზიტით წაიყვანონ, ან ანალოგიურად უკვე არსებული სიიდან არ ამოიღონ. ნამდვილად დასაფასებელია აგრეთვე იმ 5 მოსამართლის პოზიცია, რომლებმაც პროფესიული ღირსების და სოლიდარობის ნიშნად ასევე უარი თქვეს აღნიშნულ ვიზიტით გამგზავრებაზე“, – წერენ ისინი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათთვის სამწუხაროა, რომ სასამართლო კორპუსი და მითუმეტეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქამდე რატომღაც საერთოდ თავს იკავებს, აქტიურად არ ეხმიანება და შესაბამის შეფასებას არ აძლევს მომხდარს და მხარადაჭერას არ უცხადებს მოსამართლე ჩხიკვაძეს.
„ამ ფონზე კიდევ უფრო დასაფასებელია ამ მოსამართლის პირადი გამბედაობა, რომ მან ასეთი თამამი განცხადება გააკეთა და პირველ რიგში არა უკვე თავისი, არამედ სხვა კოლეგების და მთელი სასამართლო სისტემის – მომავალში მსგავსი ჩარევებისაგან დასაცავად გაბედული ნაბიჯები გადადგა. პრაქტიკულად სიმართლისთვის ბრძოლა მას ჯერჯერობით ინდივიდუალურად უწევს“, – აცხადებენ ისინი.
იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ მომხდარი საქართველოს კონსტიტუციის და ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა, ისინი ელჩ დეგნანს ბრალდებებზე პასუხისგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ.
ხარებავა, ქადაგიძე და გზირიშვილი ყურადღებას ამახვილებენ მოსამართლეთა ვიზიტების პრაქტიკაზე. მათი თქმით, მონაწილე მოსამართლეების შერჩევა მხოლოდ საელჩოს პასუხისმგებლობაა, იუსტიციის საბჭო კი პროცესში სრულად უგულებელყოფილია. მათი თქმით, არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც პროგრამებში ვერ ხვდებიან, რაც მათთვის არათანაბარი მიდგომის შთაბეჭდილებას ტოვებს. საბჭოს ყოფილი წევრები საელჩოს ფავორიტიზმშიც ადანაშაულებენ.
„ეს არამართებული პრაქტიკა ჩვენი საბჭოში მუშაობის დროსაც აქტიურად გამოიყენებოდა. კერძოდ, საუბარია ა.შ.შ.-ში მოსამართლეების ვიზიტების დაგეგმვის, ორგანიზების ცალმხრივ და არასწორ პრაქტიკაზე, სადაც ზოგადად სასამართლო სისტემის ადმინისტრირების ორგანო – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი პრაქტიკულად უგულებელყოფილია. რეალურად ამ მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დე ფაქტო იგნორირების პირობებში ფუნქციონირებს და არანაირი ვიზიტის ფორმატის, მასში მონაწილე მოსამართლეთა შემადგენლობის, თუ ჩვენი ქვეყნის ფარგლებში გამართული სამუშაო შეხვედრების ან ლექცია-სემინარების თემების, როგორც ექსპერტ, ისე მონაწილე მოსამართლეთა სიის განსაზღვრაში და შერჩევაში ჩართული არ არის. მოსამართლეებს პირდაპირ ინდივიდუალურად უკავშირდებიან საელჩოს თანამშრომლები (ხშირ შემთხვევაში ეს იყო საელჩოს ის თანამშრომელი, რომელიც მოსამართლე ლ. ჩხიკვაძეს ესაუბრა – კევინ ბურკი (რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში სპეციალური ოთახი აქვს გამოყოფილი და იქ ზის ხოლმე) და/ან მისი მრჩეველი ეკა ფოფხაძე) და მათ რთავენ დელეგაციებში, უგეგმავენ ვიზიტებს და იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებებზე, ლექცია-სემინარებზე და ა.შ. იუსტიციის საბჭო გამოიყენება მხოლოდ ტექნიკურად, როცა უკვე არჩეულ მოსამართლეთა გადმოგზავნილ სიაზე, ვიზების მისაღებად შუამდგომლობას ითხოვს საელჩო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინაშე.
ამ კომუნიკაციის ნაკლებობის შედეგად თუ სხვა „რაიმე მიზეზის” გამო, სასამართლო სისტემაში არსებობენ ერთიდაიმავე რანგის მოსამართლეები, რომლებიც თავიანთი სხვა კოლეგებისგან განსხვავებით (რომელთაგან ზოგი ერთხელ, ზოგი კი არაერთხელაცაა ნამყოფი ვიზიტით ამერიკაში), არცერთი პროგრამით და სასწავლო ვიზიტით არცერთხელ არ არიან აშშ-ში ნამყოფი, რაც ასევე არათანაბარი მიდგომის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ასევე საქართველოს ფარგლებში ორგანიზებულ ლექცია-სემინარებზე საელჩოსგან ექსპერტ და ე.წ. „ტრენერთა“ შერჩევაშიც ანალოგიური ცალმხრივი დამოკიდებულებაა, რაც გარკვეული ფავორიტიზმის ნიშნებს ატარებს. ბოლო წლებია თითქმის სულ ერთიდაიგივე 5-7 მოსამართლეა მათი ღონისძიებების ექსპერტებად თუ ე.წ. „ტრენერებად“ სისტემატურად, ისევ ანალოგიური წესით, საელჩოს თანამშრომლების მიერ ცალმხრივად შერჩეული და კატეგორიულად მოთხოვნილი თითქმის ყველა ფორმატში. მათ პროფესიონალიზმს ცხადია არავინ აკნინებს, თუმცა სისტემაში 300-ზე მეტი მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი მოსამართლეა, რომელთაგან ასევე შეიძლება მაღალი დონის ექსპერტთა შერჩევა და ზოგჯერ ჩანაცვლება და ამ მხრივაც თანასწორი მიდგომების გამოჩენა. თუ რაიმე გადამზადებაა საჭირო, არც ეს იქნება პრობლემა. ამ შემთხვევებშიც ცხადია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსაზრებასაც კი არ ეკითხებიან“, – ვკითხულიბთ განცხადებაში.
ისინი ასევე წერენ, რომ აშშ-ის ელჩი იუსტიციის საბჭოსთან კომუნიკაციის გარეშე სტუმრობს ხოლმე სასამართლოებს, ხვდება და ესაუბრება მოსამართლეებს, რითაც, მათი შეფასებით, ხდება სასამართლო სისტემის ადმინისტრირების რგოლის და ხელმძღვანელობის როლის დაკნინება.
„უფრო მეტიც აშშ-ის ელჩი იუსტიციის საბჭოსთან, მის თავმჯდომარესთან ან მდივანთან ელემენტარული კომუნიკაციის გარეშე პერიოდულად სტუმრობს ხოლმე გარკვეულ სასამართლოებს, ხვდება და ესაუბრება მოსამართლეებს და ამით ცალსახად ხდება სასამართლო სისტემის ადმინისტრირების რგოლის და ხელმძღვანელობის როლის აშკარა დაკნინება და არაღიარება. და ეს მაშინ, როდესაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ელჩი ერთხელაც არ შეხვედრია თვითონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობას, არ დაინტერესებულა იმ პრობლემატიკით, ან თუნდაც მოსაზრებებით, რაც მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებობს, რაც რბილად რომ ვთქვათ მეტად უცნაური და სამწუხაროა.
არ გვგონია საქართველოში რომელიმე სამინისტროს ან სხვა დაწესებულეების თანამშრომლებთან რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე პირდაპირი კომუნიკაცია ისე ხდებოდეს ან მათთან შეხვედრებზე ელჩი მარტო ისე მიდიოდეს, რომ ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელობას საერთოდ არც კი აფრთხილებდნენ. საქართველოს იუსტიციის საბჭოს ამგვარი „დე ფაქტო“ იგნორირება კიდევ უფრო მეტ შეკითხვებს იწვევს და პრაქტიკულად ამ ორგანოს როლის ხელოვნურად დაკნინების აშკარა ნიშნებს შეიცავს.
საბოლოოდ, ცხადია სასამართლო დაცული უნდა იყოს პირდაპირი თუ ირიბი ჩარევის ყოველგვარი მცდელობისაგან ნებისმიერი მხრიდან, იქნება ეს ხელისუფლება, კერძო ორგანიზაციები, თუ საერთაშორისო პარტნიორები თუ დონორები. ასევე არ გვავიწყდება და ვაფასებთ იმ დონორულ დახმარებას, რასაც წლების განმავლობაში აშშ-ს სახელმწიფო, თავისი საელჩოს მეშვეობით უწევს ქართულ მართლმსაჯულების სისტემას, თუმცა ეს არ ქმნის გამონაკლისს და რაიმე ექსკლუზიურ უფლებას, რომ სასამართლო სისტემის შიდა საქმეებში და/ან ადმინისტრირებაში მოხდეს რაიმე სახის ჩარევა ან დონორის მანდატს გაცდენა.
ყოველივე ამისთვის კი პირველ რიგში მნიშვნელოვანია, მივიღოთ პასუხები კითხვებზე. აგრეთვე კანონით მკაცრად უნდა მოწესრიდგეს ნებისმიერი კომუნიკაცია მოსამართლეთან, რომელიც ზეგავლენის მოპოვების თუ ანგარიშის მოთხოვნის ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. უნდა გაიწეროს და კანონის დონეზე დარეგულირდეს ის პროტოკოლური თუ ნებისმიერი ურთიერთობა მოსამართლეებთან იმ სტანდარტებით და ფორმებით, როგორც ეს აპრობირებულია, თანამდეროვე დასავლურ ქვეყნებში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ზაზა ხარებავა ავრცელებს.