კონდიცირების შეზღუდვასთან დაკავშირებით მთელი რიგი კითხვები არსებობს – ბუწაშვილი

პუბლიკა

ინფექციონისტის მაია ბუწაშვილის აზრით, კონდიცირებასთან დაკავშირებული შეზღუდვები შესაძლოა, გადამეტებული იყოს და უკუშედეგი გამოიღოს. როგორც მაია ბუწაშვილი წერს, მსოფლიოში კონდიცირებასთან დაკავშირებით კორონავირუსის დადასტურებული გადაცემის მხოლოდ ერთი შემთხვევაა აღწერილი – ჩინეთის ერთ-ერთ რესტორანში. მაშინ, როცა მსოფლიოში უამრავი ადამიანი მუშაობს ან დადის კონდიცირების/ცენტრალური ვენტილაციის მქონე შენობებში და ამ გზით კორონავირუსის გადაცემის დადასტურებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ამიტომ, სავარაუდოდ, კონდიცირებით ვირუსის გავრცელების რისკი ძალიან დაბალია და მაღალი რეპუტაციის სამედიცინო/საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ კონდიცირებაზე ერთმნიშვნელოვნად გაცემული რეკომენდაცია არ მოიძებნება.

„კონდიცირების აკრძალვა და შესაბამისად, მაღალი ტემპერატურა გამოიწვევს პირბადეების გამოყენების გაძნელებას – ერთი მხრივ, სიცხეში უფრო მეტად გართულდება სუნთქვა პირბადით და მეორეს მხრივ, პირბადის დასველების რისკი ოფლით მოიმატებს, რაც ადამიანებს გაუძნელებს პირბადის გამოყენებას, ხშირად მოიხსნიან/მოკიდებენ ხელს პირბადეს. პირბადის გამოცვლა უფრო ხშირად გახდება აუცილებელი, რასაც ალბათ ნაკლებად გააკეთებენ. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის საშუალება ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდება.

აფთიაქებსა თუ მაღაზიებში, სადაც მალფუჭებადი პროდუქტებია, კონდიცირების გარეშე ვერ შენარჩუნდება ოპტიმალური ტემპერატურა, რაც აუცილებელია წამლების თუ სხვადასხვა პროდუქციის ხარისხის შესანარჩუნებლად.

რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა, თუ ყველა შენობას ექნება ისეთი კონდიცირების სისტემა, რომელიც ჰაერის სრულ ცვლას უზრუნველყოფს, მაგრამ ეს სრულიად არარეალისტურია. ასევე გამოსავალი იქნებოდა ჰეპა ფილტრების დაყენება, მაგრამ ესეც არარეალისტურია, კლინიკებისთვისაც კი. ორივე ეს სისტემა ძალიან ძვირია და ამას ქართულ რეალობაში დაწესებულებათა უმრავლესობა ვერ შეძლებს“, – წერს ინფექციონისტი Facebook-ზე.

ბუწაშვილი წერს, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ურჩევს მოქალაქეებს, კონდიცირებულ შენობაში ხშირად გააღონ კარ-ფანჯარა, რაც ჰაერის ცვლას უზრუნველყოფს. აშშ-ის გათბობის, გაგრილებისა და კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციაც ამტკიცებს, რომ კონდიცირების გამოყენებაზე უარის თქმა საჭირო არ არის.

https://www.facebook.com/maia.butsashvili/posts/10207103477022316

ასევე სიტუაციას განსაკუთრებით არ გაართულებს კონდიცირების გამო თუნდაც ფანჯრების დაკეტვაც. რადგან ბუწაშვილის თქმით, ზამთარში ისედაც მსგავს გარემოში ვიყავით.

„კონდიცირების აკრძალვა გაზრდის ვენტილატორების გამოყენებას, რაც, თავისთავად, ცუდი არ არის, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, თუ სწორად არ მოვახდენთ ვენტილატორის მიერ ჰაერის ნაკადის წარმართვას, შეიძლება ინფიცირებული ადამიანიდან ვენტილატორის საშუალებით ჯანმრთელზე წვეთების (და ვირუსის) შეფრქვევას ხელი შევუწყოთ და თუნდაც დისტანციას იცავდნენ ადამიანები, ეს დისტანცია შემცირებული გამოვა. ამ დეტალების გათვალისწინება კი, ძნელად დასაჯერებელია, ადამიანებმა მოახერხონ.

მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც ტემპერატურა მაღალ ციფრებს აღწევს, შეიძლება მოხდეს ორგანიზმის გადახურება, რაც, თავისთავად, ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემას უქმნის და ასევე, იმუნური პასუხის დაქვეითების გამო შეიძლება კორონავირუსით ინფიცრების რისკი, პირიქით, გაიზარდოს.

ამიტომ, კონდიცირების აკრძალვის თემასთან დაკავშირებით ბევრი საკითხი უნდა იქნას გათვალისწინებული და მხოლოდ შემდეგ იქნას გადაწყვეტილება მიღებული“, – წერს მაია ბუწაშვილი.