კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებეზე მომუშავე ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართავენ

პუბლიკა

კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებსა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის ისტორიულ არჩევანს – ევროკავშირთან ინტეგრაციას.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი რუსული და ანტი-ქართული კანონპროექტი, რომელიც სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების დიდ ნაწილს „გავლენის აგენტის” დამაკნინებელ და ანტიდემოკრატიულ სტატუსს ანიჭებს და მათი კონტროლის თვითნებურ მექანიზმებს ითვალისწინებს, შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან, ადამიანის უფლებებთან და საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებულ მისწრაფებებთან.

ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური კეთილდღეობის და სოციალური თანასწორობის გარანტიაა. სწორედ ევროპული ოჯახის წევრობა გახდის შესაძლებელს, გაძლიერდეს დევნილი და ორივე მხარეს კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების უსაფრთხოება, უფლებების დაცვა და კეთილდღეობა. მხოლოდ ევროპული ტიპის დემოკრატიული, ინკლუზიური და ეკონომიურად ძლიერი საქართველო შეიძლება იყოს სანდო ალტერნატივა გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის. მშვიდობა და მისი მშენებლობა ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპია და სწორედ ევროპული ოჯახის წევრობა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების გარანტიები იქნებოდა ქართველ, აფხაზ და ოს ხალხს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტი.

ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობდეს უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის შემდეგ შეცვლილ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს ეროვნული ინტერესების აქტიურ გატანას ევროპულ ინსტიტუტებში და აფხაზური და სამხრეთოსური საზოგადოებებისთვის ალტერნატიული სამშვიდობო წინადადებების შეთავაზებას, ის ახალი ტიპის კრიზისებს ქმნის ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობაში და აღრმავებს პოლარიზებას შიდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დონეზე.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არსებითად ცვლის რეგიონში საქართველოსთან, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ წარმოდგენებსაც. ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აფხაზეთის de facto ხელისუფლება 2020 წლიდან დღემდე უშედეგოდ ცდილობს სამოქალაქო ორგანიზაციების კონტროლზე მიმართული რუსული კანონმდებლობის მიღებას, რაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკისა და წინააღმდეგობის საგანია. საქართველოში ამგვარი კანონის მიღება კი, საქართველოს როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს აღქმას ასუსტებს. ცხადია, რომ ეს რეალობა მძიმე გავლენას მოახდენს გამყოფი ხაზის იქით მცხოვრებ საზოგადოებებთან დიალოგისა და ნდობის აღდგენის პროცესზეც, რა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკასაც.

როგორც სამართლებრივი პრაქტიკა აჩვენებს, ევროკავშირს არც ერთ წევრ ქვეყანაში არ მოქმედებს მედია და სამოქალაქო ორგანიზაციების კონტროლზე მიმართული მსგავსი კანონები. უნგრეთის მცდელობას, მიეღო მსგავსი კანონი, ხელი შეუშალა მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც კანონპროექტი არღვევდა გაერთიანებისა თავისუფლებასა და კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას. ანალოგიურად, მსგავს კანონზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევა. ამ პირობებში ცხადია, რომ შემოთავაზებული რუსული კანონის მიღება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულებაზე დამანგრეველ გავლენას მოახდენს.

ცხადია, რომ არანაკლებ შემაშფოთებელია სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებისთვის დამაკნინებელი სტატუსების მინიჭება და მათი დეჰუმანიზება, რაც აქტიურად აქვთ დაწყებული ქართული ოცნების პოლიტიკოსებსა და მათ მიერ კონტროლირებად მედიებს. ეს საშიში ტენდენცია ხლეჩს საზოგადოებას, აპირისპირებს ერთმანეთს და გაამწვავებს ქვეყანაში არსებული სოციალურ კრიზისებსა და კონფლიქტებს. სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების ამ ტიპის კონტროლს მხოლოდ ავტორიტარული პოლიტიკური სისტემები მიმართავენ და ის მხოლოდ როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უკუსვლად შეიძლება შეფასდეს.

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას უარი თქვას შემოთავაზებული კანონპროექტების განხილვაზე. ამის ნაცვლად, მან უნდა დაიწყოს აქტიური საშინაო და საგარეო პოლიტიკური პროცესი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და დააბრუნოს საქართველოს უსაფრთხოების და სამშვიდობო პოლიტიკა ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგში“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

Ხელმომწერი ორგანიზაციები და პირები

 

Სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ი/გ/პ/ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”

Დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

Ქალთა ფონდი “სოხუმი”

კავკასიური სახლი

მცხეთა მთიანეთის რეგიონული ჰაბი

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის (PIP)

მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი (CPCD)

ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმი

Სტუდია რე

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ახალგაზრდული ალტერნატივა

ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად”

კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი

მოძრაობა აფხაზეთისთვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი

ასოციაცია “მერკური”

აქტ ფორ თრასნსფორმეიშნ-ის კაუკასუს ოფისი.

ქალთა ფონდი საქართველოში

Ფონდი აფხაზინტერკონტი AIC

Გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო

 

Მარინა ფაღავა, კავკასიური დიალოგი

Პაატა ზაქარეიშვილი, ექსპერტი

Ნათია ჭანკვეტაძე, PhD კანდიდატი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი

Დავით ბრაგვაძე, ანალიტიკოსი

ივლიტა გოგუა, საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge

რუსუდან ფუხაშვილი, PhD საერთაშორისო ურთიერთობებში, მკვლევარი