კონგოს რესპუბლიკაში სკოლის მოსწავლეები პარლამენტის შენობაში შტურმით შეიჭრნენ

პუბლიკა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სკოლის ასობით მოსწავლე პარლამენტის შენობაში შეიჭრა. როგორც Reuters წერს, მოსწავლეები მოითხოვდნენ, რომ მთავრობამ მასწავლებლებს გაუზარდოს ხელფასი, რათა დასრულდეს პედაგოგთა გაფიცვა და აღდგეს სასწავლო პროცესი, რომელიც ორ კვირაზე მეტია, შეჩერებულია.

„ჩვენ გვინდა სწავლა“ – სკანდირებდნენ სასკოლო უნიფორმაში გამოწყობილი მოსწავლეები.

პედაგოგთა გაფიცვა ხელფასის მომატებისა და სხვა მოთხოვნებით, 4 ოქტომბრიდან ახალ სასწავლო წელთან ერთად დაიწყო.

„ორი კვირა გავიდა და ჩვენ არ ვსწავლობთ. მასწავლებლები გაფიცვას აგრძელებენ, როცა ვთხოვთ, რომ გვასწავლონ, ისინი გვეუბნებიან – არა. მომავალ წლამდე სწავლების განახლებას არ აპირებენ. ასე რომ, მსვლელობით გადმოვინაცვლეთ აქ, ჩვენი მოთხოვნები რომ დავაფიქსიროთ ხელისუფლებასთან“, – ციტირებს Reuters ერთ-ერთი მოსწავლის ემეროდ ერაზას კომენტარს.

მოსწავლეებს პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი შეხვდა და სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ხელისუფლება გაფიცვის ორგანიზებაში რელიგიურ ჯგუფებს ადანაშაულებს, რომლებიც საჯარო სკოლების დაახლოებით 80%-ს მართავენ, თავად რელიგიური ჯგუფების ლიდერები ბრალდებას უარყოფენ.

პედაგოგთა ადგილობრივი პროფკავშირი კი მოუწოდებს ხელისუფლებას და რელიგიურ ორგანიზაციებს, ნუ აქცევენ სკოლებს „პოლიტიკური თამაშების მოედნად“.