კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის HIMARS-ების გადაცემას ემხრობა

პუბლიკა

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ადამ კინზინგერი წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მულტიკალიბრული მობილური სარაკეტო სისტემები უნდა გადასცეს.

„რუსეთს საქართველოს 1/3 აქვს ოკუპირებული. ქართული ლეგიონი იცავს უკრაინას… მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირდება, შესაძლოა, მეორადი ცეცხლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწებზე გახსნან. HIMARS საქართველოს!“ – წერს კინზინგერი.

კონგრესმენი თავის კომენტართან ერთად „ქართული ლეგიონის“ Tweet-ს ავრცელებს. ლეგიონმა აფეთქების ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მათ იციან „ორკების“ საბრძოლო მასალების საწყობების მდებარეობა და ახლა HIMARS-ის დროა.

შეერთებულმა შტატებმა და სხვა მოკავშირეებმა უკრაინას 20-მდე M142 HIMARS და M270 MLRS გადასცეს ისეთ რაკეტებთან ერთად, რომელთაც სამიზნის განადგურება 80 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ. სარაკეტო სისტემებმა დიდი ზიანი მიაყენა რუსულ საოკუპაციო ძალებს. განადგურდა არაერთი სამხედრო დანიშნულების ობიექტი – საბრძოლო მასალების საწყობები, რუსული შეიარაღების თავმოყრის ადგილები და სამეთაურო პუნქტები.