კონგრესმენი ჯო უილსონი: ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის?

პუბლიკა

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და დაწერა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას განახორციელებს, „ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა“.

 „პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათელი გახადა თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების თავის გეგმას განახორციელებს, ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა“, – დაწერა მან.

კიდევ ერთ პოსტში რესპუბლიკელი კონგრესმენი წერს:

„კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი, ჩინეთისა და ირანის მოყვარული და ამერიკის მოძულე, ცდილობს, საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გარდაქმნას. ჩვენ ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ და თუ ეს მოხდება, საქართველოსთვის მთელი დაფინანსება შევწყვიტოთ“.

მესამე პოსტში კი უილსონი სვამს კითხვას, თუ რატომ დაუდო საქართველოს „დიქტატორობის მომლოდინე“ ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განხორციელების კონტრაქტი დასანქცირებულ ჩინურ კომპანიას.

„ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის?“, – წერს უილსონი.