„ქართული ოცნების” დეპუტატი, პარლამენტის ვიცესპიკერი კახა კუჭავა კონგრესში ინიცირებული კანონპროექტის შესახებ გაკეთებულ შეფასებებს, რომელიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15%-ის შესაძლებლობას ითვალისწინებს, დეზინფორმაციასა და ტყუილს უწოდებს.
„ეს არის ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავს ტყუილზე და დეზინფორმაციაზე ცდილობენ თავის წინასაარჩევნო კამპანიის აგებას, ამას მეტს ვერაფერს დავარქმევ. კონგრესს არაფერი გაუყინავს, არც დოკუმენტი მიუღია და არანაირი ცვლილებები დოკუმენტში არ შეუტანია”, – განაცხადა კუჭავამ.
კუჭავას თქმით, ხსენებული კანონპროექტი ჯერჯერობით ერთ-ერთ ქვეკომიტეტშია ინიცირებული, რომლის მიღებასაც მრავალი პროცედურული ეტაპი და დრო დასჭირდება. კუჭავა აცხადებს, რომ მსგავსი დეზინფორმაციით ოპოზიციის წარმომადგენლები რუსეთის ნარატივს იმეორებენ.
„ყველაზე საწყენი ის არის, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ერთადერთი ვისაც ხელს აძლევს და ვის ინტერესებშიც არის, ეს არის ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი და სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ზუსტად ამ ნარატივს იმეორებენ და სიხარულით იღებენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს, თურმე, რაღაც სანქციები დაუწესდა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის ტყუილი.
კონგრესს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია და ამაზე საუბარი სასაცილოც კი არის, რადგან ელემენტარული ინგლისური თუ იცი, შეგიძლია წაიკითხო და გაერკვე, რომ ეს არის ერთ-ერთი კომიტეტის ერთ-ერთ ქვეკომიტეტში დაინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო დასჭირდება, რომ მივიდეს ფართო განხილვამდე, მათ შორის, კონგრესის პლენარულ სესიამდე“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.
კუჭავას თქმით, ხსენებული კანონპროექტის კონგრესში ინიცირება მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, რომ აგრესიული ლობიზმის შედეგად რამდენიმე კონგრესმენი „ქართული ოცნების მიმართ” მტრულადაა მომართული.
„ის, რომ რამდენიმე კონგრესმენი არის აგრესიული ლობიზმის შედეგად ჩვენი ხელისუფლების წინაააღმდეგ განწყობილი, ეს დასამალი არ არის და გვესმის კიდეც, მათ შორის ერთ-ერთი კონგრესმენის ბოლოდროინდელი ჩართვა ოპოზიციურ ტელეარხზე ძალიან კარგად მეტყველებს ამაზე”, – განაცხადა კუჭავამ.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა კონგრესში საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი წარადგინა. დოკუმენტში 2021 წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტებია გაწერილი.
კანონპროექტის მიხედვით, 2021 წელს საქართველოსთვის დახმარების სახით 135 025 000 დოლარია განსაზღვრული, თუმცა ფინანსური დახმარების შესახებ დოკუმენტში თანდართულია წინაპირობა – ამ დახმარების 15% შესაძლოა შემცირდეს იქამდე, სანამ ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის, კორუფციასთან ბრძოლისთვის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს.