კონგრესში კონოლი-კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს

პუბლიკა

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა  ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს.

„კანონპროექტი ადასტურებს აშშ-ის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი, აღიარებს საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებას, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ის წინააღმდეგობას რეგიონში რუსეთის აგრესიის მიმართ“, – აღნიშნულია წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე.

პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი აღვივებს არეულობას, ეხმარება სეპარატისტულ მოძრაობებს და არღვევს ადამიანის უფლებებს, დაკავებებისა და მკვლელობების ჩათვლით.

საქართველოს მხარდამჭერი აქტი ასევე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი ან მათთან დაკავშირებული პირებისთვის სანქციების დაწესებით.

„12 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსული ძალები შეიჭრნენ და მოახდინეს საქართველოს მიწების ოკუპაცია. თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევების პირობებშიც კი საქართველო დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიის განვითარებისა და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელახლა წარვადგენთ ამ კანონპროექტს“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

კონგრესმენი კონოლის განცხადებით, ის ამაყია, რომ კვლავ წარადგენს საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც განამტკიცებს აშშ-საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილში. 

„ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებასა და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში. როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მოხარული ვარ, რომ მოცემული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო დიდი ხანია ნატოს ასპირანტი ქვეყანაა“, – განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს და აქტს უპრეცედენტო უწოდა.

„მასში კიდევ ერთხელ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ასევე, საუბარი არის სანქციებზე იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც არიან მსჯავრდებული, ასევე, არის მინიშნება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე, ბმაში სწორედ ამ სიასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის ავალებს სახელმწიფო მდივანს, 90 დღის განმავლობაში წარმოადგინოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები. ცალკე გამოყოფილია კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა, რაც დღევანდელი მსოფლიოს გეოპოლიტიკური სისტემისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის უაღრესად მნიშვნელოვანი მიმართულება და განზომილება, რომელიც მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ეკონომიკური თანამშრომლობა, თავისუფალი ვაჭრობის კუთხით, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის გახსნა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.