კონგრესში MEGOBARI Act-ზე იმსჯელეს

პუბლიკა

აშშ-ის კონგრესში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში მოსმენა გაიმართა.

მოსმენაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ.

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „მმართველი პარტია საერთო ნიადაგს პოულობს ომის დამნაშავე პუტინთან, რომელიც საკმაოდ ბედნიერია ქართული ოცნების ანტიდასავლური, შეთქმულების თეორიებით დატვირთული გადახვევის თანახელმომწერი იყოს.“

მისი თქმით, რუსული სადაზვერვო სუბიექტები საქართველოში დაუსჯელად მოქმედებენ „საქართველოს უშიშროების სამსახურები ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართეს მაშინ, როცა საქართველოს სუვერენიტეტი რუსეთის იმპერიას ვაჭრობით გადასცეს, ძალაუფლებისა და მატერიალური მოგების იაფფასიანი სამშვენისების სანაცვლოდ” – თქვა კონგრესმენმა უილსონმა

ივანე ჩხიკვაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ცხადია – ქვეყნის მომავალი ევროკავშირსა და ნატოშია და ამ არჩევანს ისინი ხმამაღლა, ქუჩაში აფიქსირებენ.

„მმართველი ძალა ერთადერთი მთავრობაა, რომელიც ხალხის სურვილის წინააღმდეგ მიდის და ახლა წნეხის შემოტანას ცდილობს იმის გამო, რომ დასავლურ დემოკრატიასთან ახლო კავშირი გვსურს.

საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა თავიანთ მომავალს ევროპაში ხედავს, დასავლელ მეგობრებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად.

საქართველოს ისტორია გვაჩვენებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენი ცხოვრების ნაწილია.

ვიაზრებთ, რომ ამ ბრძოლაში მარტონი არ ვართ. ვხედავთ და ვაფასებთ, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორები ჩვენ გვერდით არიან. სწორედ ამიტომ ვაფასებთ ინიციირებულ კანონს – Megobari Act – და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ის მალე მიიღება. დრო ახლა ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის და თითოეული წუთი მნიშვნელოვანია.

ფსონები საქართველოსთვის, ქართველი ხალხისა და ჩვენი მეგობრებისთვის ძალიან მაღალია.  ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა, თუ ჩვენი დასავლელი მეგობრები დაუყოვნებლივ არ იმოქმედებენ.

ჩვენ ვაფასებთ თითოეულ ვიზიტს, ყველა განცხადებასა და მხარდამჭერ სიტყვებს, მაგრამ ამასთანავე გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა საშუალებითაც შევაჩერებთ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ქვეყნის რუსულ ორბიტაზე გადაყვანის პროცესში“, – განაცხადა „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ივანე ჩხიკვაძემ აშშ-ის კონგრესში „MEGOBARI აქტის“ განხილვისას.

ნატალია საბანაძემ თქვამ, რომ „დღევანდელ საქართველოში დემოკრატია პარლამენტის უფლებამოსილი პირების ხელით ნადგურდება. ერთი უპასუხისმგებლო კაცის ინსტრუქციებით, ეს უმრავლესობა სრულად ცვლის საქართველოს მრავალწლიან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს.“

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ მსგავსი კანონების მიღებით, მმართველი რეჟიმი ანგრევს საქართველოს დიდხნიან ოცნებას – თავიდან შევუერთდეთ თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახს“, – აღნიშნა ნატალია საბანაძემ.

კონგრესში მოსმენა საათნახევარი გაგრძელდა.
„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, კონგრესში მოსმენის შემდგომ, თუკი „ჰელსინკის კომისია“ საჭიროდ ჩათვლის, რომ კანონპროექტში დამატებითი ცვლილებების შეტანაა საჭირო, ხდება ტექსტზე მუშაობა, რის შემდგომაც კანონპროექტის ტექსტი გადაეცემა კომიტეტს კენჭისყრისთვის.

წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჟურნალისტი განმარტავს, რომ ყველაზე სწრაფად კანონი აშშის ორივე პალატამ, ყველა პროცედურული ნაბიჯის შემდეგ მიიღო სამ დღეში. ეს იყო „პატრიოტის აქტი“, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ მიიღეს.

აშშის უახლეს ისტორიაში კანონის მიღების ყველაზე ხანგრძლივი დრო 6 თვე დაფიქსირდა. ეს იყო  ე.წ. „ობამა-ქერის ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კანონპროექტი“.

როგორც ჟურნალისტი განმარტავს, კანონპროექტის მიღების ვადებს ძირითადად განსაზღვრავს ის ფაქტი, თუ რამდენად იწვევს ის აზრთა გაყოფას და რამდენად პრიორიტეტულია.

მისივე განმარტებით, კონგრესის სასესიო პერიოდი მიმდინარეობს 24 ივნისამდე, შემდგომ კი ორივე პალატას აქვს შესვენება.

5 ივლისს კვლავ განაახლებენ მუშაობას მომდევნო ერთი თვის განმავლობაში. 5 აგვისტოდან – 9 სექტემბრამდე კი არდადეგები იქნება.

„რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 5 ივლისამდე რაღაცა ფორმით არ მოხდა წარმომადგენელთა პალატაში მისი დამტკიცება, შემდეგ უკვე ალბათ სექტემბერში გადავა მისი განხილვა“, – ვარაუდობს ჟურნალისტი.

რა წერია MEGOBARI აქტში

25 მაისს ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება „MEGOBARI აქტისა“ და მისი ძირითადი დებულებების შესახებ. აქტი რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის სანქციებს, ხოლო „დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში“  – სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტებს.

კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა, რომელიც ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ ასე ითარგმნება: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).

როგორც აღნიშნულ განცხადებაში ვკითხულობთ, აქტის ძირითადი დებულებები ასეთია:

დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა – აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.

მიმართვა დემოკრატიულ უკუსვლას – საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას.

ანგარიშგება და სანქციები – არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.

რუსეთის სადაზვერვო აქტივები – საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.

სანქციები ქართველ პირებზე – იდენტიფიკაცია, სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.

დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა – სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.

ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და მხარდაჭერა – საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ის შემდგომ დახმარებას:

  • მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე;
  • გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
  • ეკონომიკური პაკეტის შემუშავება;
  • უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.

საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსულ კანონს ხელი 3 ივნისს მოაწერა, შესაბამისად კანონი დღეიდან ამოქმედდა.