კობახიძე კონგრესში მოსმენაზე: მოვისმინეთ არაერთი უსამართლო შეფასება, ეს იყო თავდასხმა სახელმწიფოზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გუშინ, 23 ივლისს  გამართულ აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენას ეხმაურება, რომელიც საქართველოსა და მოლდოვაში ჩანიშნულ არჩევნებს ეხებოდა.

კობახიძის თქმით, არაერთი „უსამართლო შეფასება“ მოისმინეს, რაც კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან თავდასხმაა საქართველოს სახელმწიფოზე და განცხადებები არის „კონტრპროდუქტიული”.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ არაერთი უსამართლო შეფასება საქართველოსთან მიმართებით. ეს იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს გვინდა შევთავაზოთ განსხვავებული დღის წესრიგი, ეს არის გადატვირთვის დღის წესრიგი.

თქვენ იცით, რამდენი რამე გაფუჭდა ამ ურთიერთობებში გასული 3-4 წლის განმავლობაში. ამ ფონზე ქართულ – ამერიკულ ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა და ეს არის ჩვენი შეთავაზება ამერიკელი პარტნიორების მიმართ.

ამ ფონზე ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა და მოვისმინეთ, არის კონტრპროდუქტიული, ასევე მთელი რიგი აქტები, რომლებიც განხორციელდა ბოლო კვირების განმავლობაში არის კონტრპროდუქტიული”, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე იმედოვნებს რომ, საბოლოო ჯამში, ამერიკელი პარტნიორები „სწორ და პრაგმატულ“ გადაწყვეტილებების მიიღებენ.

„მთავარია, რომ საბოლოო ჯამში აშშ-ის ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს სწორი, პრაგმატული და სამართლიანი პოზიცია საქართველოსთან მიმართებით ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მიღწეულ იქნას გადატვირთვა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში.

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, აშშ არის დიდი სახელმწიფო, მსოფლიო გავლენით. ჩვენ ბევრის შეცვლა არ შეგვიძლია გადატვირთვის თვალსაზრისით, ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. თუ მათი მხრიდან იქნება კეთილი ნება და იქნება შემხვედრი ნაბიჯები, ასეთ შემთხვევაში ეს გარდატეხა იქნება უზრუნველყოფილი, რაც თანაბრად შედის, როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში“, – თქვა კობახიძემ.


სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ჯოშუა ჰაკმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გამართული მოსმენის დროს განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს დამატებით ზომებზე, რაც მათ შორის მოიცავს დაფინანსების გადამისამართებას ან შეჩერებას.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ვითარებას, რუსულ კანონს, მოახლოებულ არჩევნებსა და მმართველი გუნდის დეზინფორმაციულ კამპანიას.