„დღეის მდგომარეობით ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით არ გვაქვს მიღებული“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც მედიასაშუალებები, ასევე მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გუშინაც ან დღესაც ჩვენ მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური „ლოქდაუნების“ შესახებ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული და გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება არის სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული ფართო კონსულტაციების გზით, რასაც უკვე ჩვენ უკვე აქტიურად ვახორციელებთ და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 045.
StopCov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 111 818, ბოლო 24 საათში – 3 128;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 92 215, ბოლო 24 საათში – 3 045;
- მათ შორის გარდაცვლილი – 1 051 , ბოლო 24 საათში – 39;
- კარანტინის რეჟიმში – 2 102;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 192;
- Covid-სასტუმროში მყოფი პირი – 3 739.