საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე იაშვილმა კომენტარი გააკეთა მარტში გასამართ პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციის შესახებ.
მისი თქმით, „კონკრეტული პირის მიერ დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა“, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ბოდიშს იხდის.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისათვის.
წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა, კონკრეტული პირის მიერ დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.
დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა. მის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.
19 ნოემბერს, ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრაზე ხვიჩა კვარაცელიამ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო. აღმოჩნდა, რომ უეფას რეგლამენტის მიხედვით, ეს შემდეგ მატჩში დისკვალიფიკაციას გულისხმობს. ესპანეთის წინააღმდეგ გამართული თამაშის შედეგი საქართველოს პოზიციას არ ცვლიდა.
საქართველოს ნაკრები მარტში ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში ითამაშებს.